მძიმეები, ანუ ,,მომდევნო გაჩერებაა…”

,,არ მიყვარს, როცა იქ მთავრდები , სადაც წერტილს ვსვამ”.

ბნელა და ისეთი სიჩუმეა, გამომწყვდეული დემონები რომ უნდა გამოაღვიძოს. მტვრევით ვდგები , დღიურებში ჩაკეცილი მოგონებების ამოლაგებას ვიწყებ და გულდასმით ვრევ. ზოგადად, არევა მეხერხება, ემოციების სახეზე დაწერა და მძიმეების დასმა.

მომდევნო გაჩერებაა ,,გამარჯობა”
ეს რაღაც ისეთია ,,იყო და არა იყო რა”-თი რომ უნდა დავიწყო და აი, შევეჩეხეთ. როცა ურთიერთობები იწყება, არავინ ფიქრობს იმაზე, რა იქნება ხვალ, იმის ან იმის შემდეგის მერე, უბრალოდ იწყებიან ამბები და მიდიან თავის გზებზე – თუ შემთხვევით ეს გზები არ აერიათ ან ვინმემ ზემოდან ზედმეტი ირონია არ გამოიმეტა.

ჰოდა, ჩვენ უბრალოდ ამოვიღეთ ჯიბეებში კარგად ჩაკეცილი ღიმილები და ერთმანეთს მივესალმეთ.

 

tumblr_ncix775VEU1qlmppmo1_500მომდევნო გაჩერებაა ,,იქით”

უდროო დროები და უადგილო ადგილები არ არსებობს თორემ ,,გამარჯობასაც” აუცილებლად ამ უკანასკნელებს დავაბრალებდით.
მე ჯიბეში სიცოცხლეებს ვინახავ ღიმილებთან ერთად,რადგან ურთიერთობებში ყველაზე მეტი სიკვდილია , იმდენად ბევრი , რომ უკვე შევეჩვიეთ და აღარც კი გვეუხეშება ამ სიტყვის ხსენება. ალბათ,  სიკვდილი მოაქვს ყველაფერს , მაგრამ მანამდე ურთიერთობის შიშია, ჰოდა ,,იქით” გაჩერებაზე გზის არჩევის შიშში გავიჭედეთ. სამაგიეროდ იმდენი რამე გვქონდა მოსაყოლი , გვეგონა , დრო ვერ გაგვიძლებდა , გვეგონა დრო გაჩერდებოდა, გვეგონა , ყველაფერი ასე გაგრძელდებოდა. მერე დროებითობა მოვიდა სადღაც შუაში და კარგადაც დაიდო ბინა.
ვერ გავუძელით.

მომდევნო გაჩერებაა ,,ფორიაქი”
წამოვდექი , იატაკი უჩვეულოდ ცივია, თითქოს სახლში არ ვარ. საკუთარი კანის სუნიც კი არ მეცნობა. ჩაკეცილ მოგონებებში დღევანდელ დღეს ვეძებ , აშკარად არაა. არ ხარ , არავინაა. თვალებს ვაცეცებ და ოთხ კედელში გამომწყვდეულის პოზიციაში ვარ – უცხო შეგრძნებაა. მგონი არაფერზე ვფიქრობ, მაგრამ ფიქრის ჭანჭიკები მაინც ზედმეტად გაურკვევლად ტრიალებენ თავში. ჩემს ოთახს კარი არ აქვს – ვეძებ და  არაა, ვხატავ და მაინც არაა.
,,მძიმე თუ წერტილი? ” –  ვკითხულობ და ვხვდები , რომ სასვენ ნიშნებს საერთოდ არ ესმით ჩემი.

მომდევნო გაჩერებაა ,,მოლოდინი”
უკვე დიდი ხანია აქ ვდგავარ – ემოციებჩალაგებული , გაუგებრობიდან გამოქცეული გოგო. გარშემო ყველაფერი ერთმანეთს ჰგავს, ნეტავ მერამდენედ ავიარე ან ჩავიარე? ჯიბიდან ღიმილს ვიღებ და საკუთარ თავს დავცინი. ნეტავ ურთიერთობებში ლოდინი სადამდე შეიძლება? ალბათ, ვინმე მეტყვის რომ ,,სულ” და ნეტავ ეს ,,სულ” მოთმინების რომელ მაჩვენებლამდე მიდის?!
ისევ ველოდები. ალბათ, გზა აერიათ-მეთქი და მერამდენე მძიმეს ვსვამ.

tumblr_nrjjurEgwL1sl7mg1o1_540

მომდევნო გაჩერებაა ,,ის , რაც კლავს”
,,არ შეიძლება ყველაფერი სახეზე გეწეროს” – მეუბნება საკუთარი მეორე მე და სრული სიცხადით ჩამესმის მისი დაცინვა.
,,არ შეიძლება” – მერამდენედ ვპასუხობ მეორეს და  ზუსტად ვიცი, არ შეიძლება , ჩემი თვალები ნებართვის გარეშე ამბობდნენ როგორ უყვართ, როგორ დარდობენ , როგორ ინგრევიან , როგორ აღარ არიან. პარალელურად თითებსაც მერამდენედ ვატკაცუნებ. ეს გაქცევის ჟესტია, ანუ , როცა ეშინიათ – გაქცევისაც და დარჩენისაც, როცა კითხვები აქვთ , მაგრამ პასუხები არ იციან , როცა ,,მკვლელს” ვერაფერს ვნებენ და ცდილობენ საკუთარ მეს ატკინონ.
და აი, ვდგავარ მომდევნო გაჩერებაზე , ვიმტვრევი , თითქმის აღარ ვარ , არც გზაა , არც გაჩერება, არც ჩემი სახე, სამაგიეროდ არის კიდევ ერთი მძიმე.

მომდევნო გაჩერებაა ,,მე”
ყველა მხარეს მე ვარ. ,,გამარჯობა, მე” ,,გაგიმარჯოს , მე”. მძიმეები ცხოვრებას ამძიმებენ , დგანან საკუთარ სადარაჯოზე, მაგრამ იღლებიან , ისინიც ვერ უძლებენ უწერტილობას, მრავალწერტილებად გადაქცევის ეშინიათ; მძიმეებსაც კი ეშინიათ.

,,გამარჯობა მე , იქნებ წერტილი”. – რისკი ყოველთვის რისკია და იქნებ, ბოლომდე გაშვება ღირს. არ ვიცი, ამ გაჩერების იქით რა არის , არც აქეთ. დღეები მიდიან, დღეები არ დგანან – არც ზურგით , არც სახით; დღეები არ დარდობენ ჩვენზე , არც დღიურებში ჩალაგებულ მოგონებებზე, არც ჯიბეებში ჩაკეცილ ღიმილებზე , არც გადანახულ სიცოცხლეებზე და არც სიჩუმეს გამოყოლილ დემონებზე. დღეებს არც მძიმეები მიაქვთ და არც ჩვენ მივყავართ; წერტილებსაც აქ დატოვებენ.

*** 

მაშინ, როცა ურთიერთობა იწყება , არავინ ფიქრობს რა იქნება დღეს, ხვალ ან იმის მერე , ამბები უბრალოდ ირჩევენ თავის გზებს, სასვენ ნიშნებს ჩვენ ვსვამთ.
იცით, ადამიანები ზოგჯერ წერტილების მერეც მოდიან!


Leave a comment