Them (#5)

ბავშვობიდან ბევრი არაფერი მახსოვს, თუმცა აშკარაა, ძველი სათამაშოების ერთგული ვრჩებოდი ახლების ყიდვის მიუხედავად. ეს თვისება შემომრჩა.

#5 – ძველი სათამაშო – გამაღიზიანებლად ჩვეულებრივი, ინტერესგამოცლილი, მაგრამ მაინც ძვირფასია. მასში მხოლოდ თვალების ჭრილი და სუნამოს უცვლელი სუნი მიყვარს. კიდევ მობრუნებები – ზურგით რომ მიდგას, თავადაც რომ სჯერა, ბოლო წასვლაა და წამის მეათედში ტრიალდება დაცარიელებული.

იმისთვის რომ შეივსოს, მზადაა, უარი თქვას ჩემზე და დამიბრუნოს. ოღონდ ამ უარისთვის შესაფერის დროს ყოველთვის მე ვურჩევ მისგან გაუცნობიერებლად. #5 არ ჰგავს სათამაშოებს ხელოვნური ღიმილით, გამოყვანილი თითებით ან ჩაცმის განსაკუთრებული სტილით. საერთოდაც, ვერ ვხვდები, რატომ ამოვირჩიე სხვებს შორის იმ დღეს, როცა პირველად დამიდგა წინ დაბნეული სახით და არცერთი სიტყვა არ უთქვამს საკუთარი ემოციების შესახებ.

იმ დღის მერე 6 წელი გავიდა, თუმცა არაფერი შეცვლილა. ყოველთვის, როცა ჩემს მხარზე თავი უდევს, სუნთქვის ტემბრს მიწყობს, რათა სიჩუმის იდეალურობა არ დამირღვიოს. თვალები დახუჭული აქვს, მშვიდია და ბედნიერი. ეს ერთადერთი მომენტია, როცა არ ვეთამაშები, მენანება.

ერთხელ ვთხოვე ,,უბრალოდ გაქრი, ყოველთვის ცუდი მომაქვს-მეთქი”, არ დამტოვა, არადა მზად ვიყავი მის გასაშვებად. მთავარია, იყოო. #5-ს ნაპოვნი აქვს ჩემი პიროვნების მიღმა რაღაც სიმშვიდისმაგვარი და რატომღაც თავს ვერ აღწევს. არ სჯერა, როცა ვეუბნები, რომ ყველაფერი კარგად არაა, რომ ხვალინდელი დღე უარესი იქნება და რომ სულაც არ გათენდება ერთხელ ისე, რომ მიყვარდეს. ამიტომაც მისდამი თანაგრძნობა ჩამომიყალიბდა. ყოველთვის, როცა ,,მიყვარხარ” ისმის ჩვენს საერთო სივრცეში, ავტომატურ რეჟიმში გადადის დამშვიდების ფუნქცია. ვუღიმი, თმაზე ვეთამაშები და პარალელურად, გულს ვირევ მის უფასურობაზე.

ზოგადად, რაც ერთხელ გაუფასურდა, ძველი ფასის აღდგენის ფონზეც ვერ გახდება ძვირფასი. #5 ჩემი ძალის ერთგვარი გამოხატულებაა, თუმცა მანიპულაციებისთვის მაინც არ სწირავენ ხოლმე მათ, ვინც ოდესღაც უბრალო ციფრები არ იყვნენ ცუდი გოგოს სიაში.

მის თავს არაფერი მახსენებს. სიმღერაც კი არ არსებობს ისეთი, მასთან რომ მაკავშირებდეს. #5 კარგად აწყობილი სათამაშოს მექანიზმია, რომლის დაქოქვაც დიდი ხანია, მომბეზრდა, თუმცა გადასაგდებად ვერაფრით გავიმეტე.

-შენს ცხოვრებაში ქაოსი მომაქვს.-ვეუბნები და ველოდები, როდის გადადგამს პირველ ნაბიჯს.
-მიყვარს ქაოსი.- მაღიზიანებს. ვუბიძგებ წასვლისკენ, ზურგით დგას და მჯერა, ახლა მაინც არ მობრუნდება, ერთხელ მაინც გაიქცევა.

თუმცა
არ უყვარს #5-ს ჩემგან ზურგით დგომა.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s