იქით

პაპანაქებაა. მზის შეხებას ვგრძნობ კანის ყველა წერტილში. ახლა ორმაგად მჯერა, რომ მზეს სუნი აქვს და ვცდილობ, ეს სუნი დავიმახსოვრო. 

ჩემ გარშემო მხოლოდ სივრცეა, გზის მაგივრად – წუმპე. ამ წუმპეზე გადაბიჯება რთულია, მიჭირს, მაგრამ ვიბრძვი, გზის დასასრულს რომ მივაღწიო. 

***

იქით მხარეს ოკუპანტები დგანან. მწვანე ბანერს 100 მეტრზე მეტად თუ მიუახლოვდები, ისვრიან, წესია ასეთი. ბანერს თუ გაცდები ორიოდ მეტრში მათი ქვეყანა იწყება თურმე. ეს ყველაფერი ე.წ. რადგან აქ ნამდვილი არაფერია. პარალელურ რეალობაში გაგვჭედეს. 

ადგილობრივები საკუთარ თავებს ელაპარაკებიან, რადგან დუმილი ოქროდ ფასობს მეორე მხარეს მყოფების წინაშე. ისინი მარტოები არიან და თან იმაზე მეტად, ვიდრე საგიჟეთის კარცერში გამომწყვდეული თეთრხალათიანები. მათ მიწის გემო იციან, რადგან მათი ცხოვრება ზედ ბანერდადგმული მიწაა. 

***

როცა ისინი გესაუბრებიან, როცა ისინი ტირიან, როცა ისინი ტკივილისგან მუჭს უჭერენ, როცა ისინი ძალით იღიმიან და მერე თვალებს ისე აფართოვებენ, რომ მთლიანად ამოგიკითხონ, არ გაქვს უფლება, რამე უპასუხო. არ გაქვს უფლება ამ ადამიანებს უთხრა, რომ ,,ყველაფერი კარგად იქნება”, რადგან ისედაც ამოვსებული აქვთ თვალის უპეები ნაცრით. 

მათთვის პოლიტიკოსების წითელი ჰალსტუხები საკუთარი თავებისთვის დადგმული სახრჩობელაა, მაგრამ ჯერ მასზე ვერ ავიდნენ.

***

მათი მოსმენა თუ გინდა, მათ მაჯებზე ამოყრილ ძარღვებსა და დარდგადავლილ სახეებს უნდა უყურო, ისინი ღრიალებენ.

და თუ ვინმე დუმს, ჩემი დუმილი ოქრო არაა და არ იყიდება.

***

მეორე მხარეს ოკუპანტები დგანან, მეორე მხრიდან შეიძლება დღეს თუ არა, ხვალ ისროლონ, მეორე მხარეს არავის ელიან, მაგრამ ჩვენი ლოდინი საკმარისია. 

პაპანაქებაა. მთელი სხეული მეწვის.  მგონი მზეს სუნი მხოლოდ აქ აქვს. 

უნდა დავბრუნდეთ. 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s