21-ე ანუ ზღვარი 

მე ხომ ვიცი, რომ ეს ცხოვრება ვერაფრით გახდება ზღაპარი ქარზე და ისიც რომ ქარზე ზღაპარი არავის დაუწერია. 

***

დღეს ბოლოჯერ ვარ 21-ის და გაგრძელება მაქვს. სამი წლის წინ ძალიან ბნელი სიზმარი ვნახე, რომელშიც 21-ის მოვკვდი. მას მერე მჯეროდა, რომ ეს რიცხვი ჩემი ზღვარი იყო. მთელი წლის განმავლობაში ჩემს თავს ვუმტკიცებდი, რომ რომელიმე საყვარელ ქუჩაზე მანქანა გამიტანდა, მეათედან გადმოვვარდებოდი ან წყალი გამითავისებდა და სიკვდილი ნებისმიერ შემთხვევაში ნელი იქნებოდა. ალბათ ამიტომაც დავტოვე ერთი წლის წინ სანაპიროზე უშინაარსო წერილები – ასე ვცდილობდი სხვების ცხოვრებებში დარჩენას. 

***

პირველი წერილი, რომელიც 21 სექტემბრის მერე ბლოკნოტში ჩაკეცილი დამქონდა, ტატიანას ვაჩუქე. მჯეროდა, ყოველი წაკითხვის მერე ხელახლა აღმომაჩენდა და მეც ამოვისუნთქებდი ხოლმე. ნეტავ, იმ წერილში რა ეწერა? 

ან იმაში, ქეთისთვის 4 წლის წინანდელი ბლოკნოტიდან რომ ამოვხიე? 

***

L’autre vague – სხვებში ჩასახლების ერთგვარი სურვილია, ანუ დაუსრულებელი ბრძოლა, რადგან ტალღები გარდაისახებიან და ნაპირთან ყოველი შეჯახების მერე მემილიონედ უბრუნდებიან საკუთარ ადგილებს. 21-ემ დაიწყო ჩემი სხვა ტალღის ისტორია და დამაჯერა, რომ ერთ დღეს ქუჩაში შემხვდებიან ადამიანები ჩემი წიგნით ხელში და მე შემეძლება, მთელი სხეულით ვიღიმოდე.

***

შიშებს მოვუგე. და მიუხედავად იმისა, რომ არაფერი ყოფილა კარგად, საკუთარ თავს ვასწავლე კანკალის გარეშე ნაბიჯების გადადგმის ხელოვნება. 

მარიამი მეჭიდება ხოლმე ყოველი ნაბიჯის გადადგმისას და ხელზე მკოცნის მას შემდეგ, რაც მოვუყევი ჩემს ხელისგულზე სიცოცხლის ხაზში დაბინავებულ რწმენაზე. 

მან არ იცის, რომ სინამდვილეში თავადაა ჩემი რწმენა. 

***

მამა ისევ არაა კარგად. მამას ისევ სტკივა ხოლმე და მე ისევ ვერ ვუმსუბუქებ ტკივილებს. ვერ ვხვდები, ის უფრო გაიზარდა თუ მე. ვერ ვიაზრებ მის ვერცერთ გამოხედვას, როცა რამე მნიშვნელოვანზე მელაპარაკება და ბრალს იმაში ვეძებ, რომ ჩვენი დილის საუზმობის რიტუალიდან ვერა და ვერ აორთქლდა საუბარი ამინდებზე, შავ პურსა და პოლიტიკოსებზე. 

***

დედას ისევ ჩამქრალი აქვს თვალები. ჩემს წლებს აღარ და თავისი იების ფოთლებს კი ითვლის. საწოლის თავთან მტვერდადებულ რვეულებს კითხულობს და მიმალავს, რომ ისევ წერს.

***

21-ეს ბოლო წუთებში მარცხენა სანაპიროზე მივბოდიალობ. ისევ არასწორი გზაა. მჯერა, რომ ახლა თუ არ გადავაშვები, მერე დიდხანს სიცოცხლე შემეძლება. 

***

იქნებ, ახლა მაინც დავივიწყო ზღაპარი ქარზე და ჭირის წაღებაზე, რადგან ჭირის წამღებები მხოლოდ ადამიანები ვართ. 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s