Made of stars

მაინც ერთმანეთის გარეშე დავიხოცებით-მეთქი, ვფიქრობ და მის წინ ვდგავარ ასაწყობი სახით. თმას ისწორებს ნერვიულად და თვალებდახუჭული იღიმის. სახე უფრო ასაწყობი მიხდება.

***
არც ისე დიდი ხანია გასული ჩვენი პირველი შეხვედრის შემდეგ. წვიმდა იმ ღამეს, უკვე მაკიაჟგაფუჭებული შევვარდი ბარში და მისკენ ზურგით დავჯექი. ხმა მესმოდა, უკან არ გამიხედავს.
,,my heart is blue, my heart is blue for you.” – ინსტიქტურად წამოვდექი და ცხვირწინ დავუდექი. სავარაუდოდ, ჩემი ხელების მოძრაობა საკმაოდ არაადეკვატური ჩანდა. მისი ყოველი მოძრაობა კი ზედმეტად ღვთიური იყო. თითებს მიმდევრობით ახებდა სიმებს და ახალ ქაოსს მიქმნიდა.

***
-გამარჯობა.-გვერდით მომიჯდა და სიგარეტს მოუკიდა. ვდუმდი.
-სხვა ტალღა. – გავუწოდე ხელი და გავუღიმე.
-როგორ? – პირველად დაიწყო თმის წამების შუალედებით გასწორება და თვალებიც მაგიდის ზედაპირისკენ დახარა.
-ასე მქვია. – ვუპასუხე და მეც მოვუკიდე სიგარეტს. საუბარი არაფრით დავიწყეთ, უფრო სწორად კი ჩემი ვერმოსაწონი ყელსაბამით,  მოვატრიალე ყელსაბამი მეორე მხარეს და ასე მოგწონს-მეთქი, ვკითხე. გაეღიმა. მერე რატომღაც წამოვხტი და Metallica-ს ,,The unforgiven”-ის ჩართვა მოვინდომე. ვერ იცეკვებო, მომაძახა და სიმღერას აჰყვა. ისევ ზურგით დავდექი, თვალები დავხუჭე და წავედი, სადღაც მუსიკის იქით, სადღაც გალაქტიკაში, ორიონის ნისლეულში, სადაც მასთან ერთად უნდა მეცეკვა. თვალები რომ გავახილე, ჩემს წინ იჯდა და ტაშს მიკრავდა. იმ წუთიდან ის ჩემი ახალი შეცდომა იყო.

***
-რამე ძალიან ძვირფასი თქვი.
-მიზანი.-მპასუხობს ჯერ მოკლედ, შემდეგ კი ზედმეტად გრძლად. წერაზე მიყვება. ზუსტად იგივე შეგრძნებები აქვს წერისას, რაც მე. თავის პირველ სიმღერაზეც მიყვება. რამე უკეთესი მინდაო.
-წერა.-ამის მეტს ვერაფერს ვეუბნები, მაგიტომაც ავირჩიე სხვა ტალღა-მეთქი. მეგონა, გიჟი იყავიო. ამ დიალოგის მერე ვწყდებით. ჩვენს შორის დამაკავშირებელი ხაზი აღარაა, მაგრამ დროებით. მე ასე მჯერა.
-Lying to yourself. – ჩემმა ახალმა შეცდომამ კარგად იცის სიტყვების შერჩევა.

***
სხვა განზომილებაში ნამდვილად არ ვართ, მაგრამ ვართ ერთად. საიდანღაც Moderat-ის ,,A new error” ისმის, სასაცილოა, დაუკითხავად ვდგები და ცეკვას ვიწყებ. ვგრძნობ, როგორ იღვრება ჩემი ღვინის ჭიქიდან როზე მუხლებზე, არ მაინტერესებს. ვიცი, მიყურებს.
-მე ვარსკვლავებიდან ვარ და ჯერ მხოლოდ ოდნავ ვანათებ. – ამბობს მოულოდნელად. უფრო ახლოს რომ მოვიდეს, თუ დამწვავს, ნეტავ?! მარჯვენა ხელი გულთან უდევს, მართლა ღვთიური თითები აქვს. თუ საჭიროა რამე, რათა მწამდეს, ეს რამე მისი თითები უნდა იყოს.

***
ჩვენი შეხვედრები ვერაფრისმომტანია, დიალოგები – მით უმეტეს. მაგრამ ხომ ორივემ ვიცით, ვართ – სხვები; ისინი, რომ წერენ და საკუთარ გამოგონილ ფრაზებში ეხვევიან, იხრჩობიან, გარბიან და ბრუნდებიან; ისინი, მზად რომ არიან, საკუთარ ფანტაზიებში დაიბადონ მეორედ. იქნებ, მეორე სიცოცხლე უფრო საინტერესოც კი აღმოჩნდეს.

ორი თვის მერე ვუთხარი, მეც გალაქტიკიდან ვარ, ოღონდ არ ვანათებ-მეთქი. ისევ ზურგით ვიდექი. ჩემი ზურგი მასთან საუბრობდა. ის ისევ ნერვიულად ისწორებდა თმას. მე მისი არსებობის მჯეროდა და იმ შეხვედრების, რომლებიც წერტილს არ დაგვისვამენ.

***
მხოლოდ ის მჭირდება, ვუყურებდე, როგორ სძინავს და მისი ფიქრების სიმძიმეს ვინაწილებდე.
He’s my orion.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s