Them (#3)

მას  უყვარდა ჩემს ზურგზე  ხალების დათვლა და მე – მისი თითების ფერება.

მისი ზედმეტად თეთრი კანის სუნი ალბათ მუდმივია ჩემს მოგონებებში. საერთოდაც, #3 ის ბიჭია, ოდესღაც საქორწინო ფიცი რომ დავუწერე. ამიტომაც ამ ნაწილს არცერთი სათაური მოუხდება ,,I vow”-ზე მეტად.

A shot of vodka.  

დღემდე შენახული მაქვს მისი ნაჩუქარი მინდვრის ყვავილები. ბლოკნოტის ბოლოსწინა ფურცლებს შორისაა ოთხიოდე ღერი ჩაკრული და გვერდზე გაკრული ხელით აქვს მიწერილი. ,,მწამდე.” როცა ერთმანეთი გაგვიქრა, არაერთხელ მიფიქრია, ამ ფურცლების გაქრობაზე, მაგრამ წლების შემდეგ ალბათ არაფერი დამრჩენია იმის გარდა, რომ ვფიქრობდე, რწმენა უფერულდება, მაგრამ რჩება.

Another shot of vodka. 

წლებს დავსდევ, სადღაც უკან ვარ, ჩვენს ამბამდე. სკოლის კიბეებზე თითისწვერებით ვდგავარ და მის ზურგს ვწვავ. ზუსტად ვიცი, მოტრიალდება სადაცაა და მზერას ვამზადებ. მთელი კვირა სარკესთან ვამეცადინებდი საკუთარ თავს ,,დაუბნევლობაში”, ბოლოს როგორღაც გამომივიდა, მაგრამ ის არ გამითვლია, მისი მოტრიალებისას უკან რომ დამრჩებოდა მთელი ეს ვარჯიში. მომენტალურად სახე ჩამომენგრა და თითის წვერებიდანაც დავეშვი, ფეხქვეშ სიმყარე არ მიგრძვნია და მგონი, არც მომეთხოვებოდა, რადგან იმ მომენტში მუცელში ბევრპეპლიანი გოგონა ვიყავი. #3 აუღელვებლად მომიახლოვდა და გაუგონარი პირველი ,,მიყვარხარ” მითხრა. იმ საღამოს სიცხემ ამიწია და შუა ზაფხულში საბანში ყელამდე გახვეული ვიხსენებდი ამბის დასაწყისს ჩვენს შესახებ და აზრადაც არ მომდიოდა, რომ ერთ დღეს უბრალო ჩრდილებად გადავიქცეოდით.

Another shot of vodka again. 

არ მიყვარს იმის აღიარება, რომ არ მენატრება, რადგან #3 უნდა ყოფილიყო მარადი. მის შესახებ არცერთი ჩანაწერი არ მაქვს. მახსოვს, ერთ ძალიან სუსხიან დღეს მოვკრიბე აბსოლუტურად ყველა მინაჯღაბნი და ასე ერთიანად ვუსახსოვრე ჩემი სიყვარულის ნიშნად. ალბათ, ამაზე მეტის არაფრის გაღება შემეძლო, ისევე როგორც ახლა არ შემიძლია ამ სიტყვებზე მეტის გაღება. დასანანია, კადრები რომ არმაქვს, გონება დიდხანს აღარ შეინახავს დაკარგულის ისტორიებს და არც იმ იასამნების სურნელს, გაზაფხულობით ყოველდღე რომ იკრიფებოდა ჩემი წილი. ერთხელ სკოლიდან გავიპარეთ და ნახევარი ქალაქი შემოვიარეთ, ატამი ყვავილობდა და #3-მა მთელი ტოტი მაჩუქა. ეს იყო ჩვენი ამბის ნიშანი და უნდა მეცოცხლებინა. იმ საღამოს მთაწმინდიდან ფეხით მოვუყვებოდით გზას და მივხვდი, რომ არ მინდოდა ჩვენი გზები სადმე გაყოფილიყო, არ მემეტებოდა ჩვენ ორის დიალოგები, რომ მონოლოგებად ქცეულიყვნენ. სახლამდე ორიოდე ნაბიჯით წინ გავასწარი და დიდხანს მეძახდა, არც კი უცდია დაწევა, თითქოს აბედნიერებდა ჩემი სახელის წარმოთქმა და უკან ვერგამოპარული ღიმილი. სახეზე ავიფარე ორივე ხელი და მოვტრიალდი, მხოლოდ შუბლი მიჩანდა, გიღიმი-მეთქი, ვეძახდი. ეცინებოდა.

Vodka again. 

ისევ წლების წინ ვარ. ცხადივით მიდგას თვალწინ, როგორ მითვლის ხალებს. მისგან ვიცი, რომ მარჯვენა მხარზე რკალივით მაქვს სამი ხალი, მეოთხე შორსაა, მაგრამ მათ შორის დროთა განმავლობაში აუცილებლად უნდა გაჩნდნენ დამაკავშირებლები. მხარზე რომ მკოცნის, მგონია, ჩემს სხეულს ელაპარაკება. ათამაშებს თითებს და როცა ხვდება, სადაცაა შევეხები, ჩერდება. იცის, რომ მის ხელებთან სიმშვიდის ხიდი მაქვს და როგორც თავად იტყოდა, ეს არისტოკრატიული წარმომავლობის ამბავია. #3-ის ხმა თქეშს ჰგავს, მიუხედავად იმისა რომ აღელვებულიც კი არასდროს მინახავს. მშვიდი ზღვასავითაა – სხვადასხვა სიხშირეებით, ტალღების გარეშე. ვერ ვხვდები, რატომ არ მომბეზრდა. ჩვეულებისამებრ, ხომ ვერ ვუძლებ ასეთებს – ერთებს.

Again. 

რა თქმა უნდა, ამდენი ჭიქის მერე უნდა ვლაპარაკობდე მასზე, რადგან მიჭირს – ვერ ვიშუშებ. ადამიანს, რომ შეიყვარებ, მერე აღარ უნდა ებრძოდე მის ნაკლოვანებებს, თორემ ერთ დღესაც თავის ცუდ თვისებებთან ერთად უბრალოდ წავა. მას არ დასჭირდება გაფრთხილება, ისევე როგორც #3-ს.

პირველი იყო, ვინც ჩემი მიტოვება გაბედა.

ღვინისფერი კაბა მეცვა იმ საღამოს, ჯერ ისევ გრძელი თმები მხრებზე ჩამომშლოდა, უშიშრად მივდიოდი, ბრძოლისთვის ყოვლად უუნარო. ავეტუზე წინ და თვალებგაბრწყინებულმა თითის წვერებზე ავიწიე ჩასახუტებლად. ხესავით დამხვდა. რამდენჯერმე მკითხა ,,როგორ ხარო” და ვერაფრით ვაგებინებდი, რომ აი, ახლა კარგად. ,,უნდა წავიდეო” – ჩემგან მიდიოდა #3.არადა ზედმეტად პატარა ვიყავი მიტოვებისთვის, ომისთვის, საქორწინო ფიცისთვის კი მითუმეტეს. ისე მოვტრიალდი, არც კი მიგრძვნია საკუთარი ფეხების მოძრაობა და როცა მივხვდი რომ მისი მზერა უკან მომყვებოდა, პირველად ავტირდი ქუჩაში. ავტირდი, ისე როგორც ტირიან უსახლკაროები, ობლები, მშივრები – ავტირდი მიტოვების პირველი ტკივილის გამო და საკუთარ სახლში ვარაუდით მისულმა 78 საათი ვიძინე. თვალები რომ გავახილე, მისი ღიმილის ნაცვლად საკუთარი დარდი დამხვდა. კედლებს აკიდებული ჰქონდათ #3-ის ნათითურები, საწერი მაგიდის ზევითა მარცხენა მხრიდან ჯერ ისევ მისი მინაწერები მიყურებდნენ.

ამ ამბავში მთავარი ისაა, რომ თავად #3 კი არა, ამბავი ჩამომენგრა თავზე. ეს გაგრძელებაა, რადგან ჩემი როლი იყო უბრალოდ მარტოობა და არა იმედგადავლილობა.

,,Life’s all about moments of impact and how they change our lives forever.” – ასე სრულდებოდა ჩემი ფიცი, ასე დავსრულდით მე და #3-ც. მას შემდეგ არ გვიძებნია ერთმანეთი. მე კი არასდროს მიფიქრია, რომ ის, ვინც შემქმნა თავად მე, უბრალო ციფრად მექცია.

The last shot of vodka. 

ჩემს ზარდახშაში მხოლოდ მისი ნაჩუქარი ჯვარი დევს. ოდნავ შეეცვალა ფერი, მაგრამ ,,მწამდე” ნიშნავს, გაუფერულებულიც მწამდეს. #3 იყო ჩემი რწმენა და იმედი ცხოვრებისეული ბრძოლების მოგების. ამიერიდან მეცოდინება, რომ სანამ ომში წავალ, ორიოდე ჭიქა უნდა დავლიო.

Drink before the war

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s