Them (#2)

და ისევ გიყვებით მათზე, ვინც ოდესღაც მრავალმნიშვნელოვნები, მრავალწერტილებად კი არა, ციფრებად გადაიქცნენ.

ადამიანი #2 – დეკემბრის სუსხივით. 

,,ბოლო დროს დამჩემდა უაზრო ლოდინი,
ხომ ვიცი – არ მოვა.
სხეულში გამიჯდა სიცივე ქრონიკით,
მუზების გაქრობა
ჩვევად იქცა და ვეღარც ვწერ რატომღაც.
არ მოხვალ, არ მოვალ და
ჩვენს შორის დარჩება დეკემბრის ის ერთი მოთოვა.”

იკითხება 2011 წლის ჩანაწერებში. მაშინ ჯერ ისევ კარგი კალიგრაფია მქონდა, გრძელი თმები, ძველი ხაკისფერი მანტო და შეუღებავი ტუჩები. ციოდა, საშინლად თოვდა და მთელი ქუჩა სავსე იყო ფერადხელთათმანებიანი ბავშვებით. ერთ-ერთი მათგანობიდან თავი ახალი ამოწერილი მქონდა და შესაბამისად, გუნდაობის მაგივრად ოდნავ კეკლუცი ღიმილით ვუშვერდი სახეს ფიფქებს. მერე ის მოვიდა.

ადამიანი #2 საციგურაო მოედნის ერთგვარი გურუ იყო. ოცნება ამიხდინა და ცალ ფეხზე სრიალი მასწავლა, მერე დიდხანს ვბზრიალებდი მოედნის შუაგულში და დროდადრო ჩემი ციგურების მიერ ყინულზე დატოვებულ ნახაზებს ვაკვირდებოდი. პირველად მაშინ მომხვია #2-მა წელზე ხელი, დაცემისგან რომ უნდა გადავერჩინე; ნელ-ნელა ეს მოქმედება ინსტინქტად ექცა, მე – კმაყოფილების შეგრძნებად.მისი თითები რომ გენახათ, ჩემი წელის აუცილებლად შეგშურდებოდათ.

ერთხელაც ჩაი დავლიეთ ქალაქის ყველაზე მაღალ წერტილას არსებულ ოთახში. იქ სიგარეტის სუნი და სითბო იდგა, კიდევ ვიყავით ორნი – ის და მე, რომლის სახელიც #2-ს ყოველ მეორე წუთს ავიწყდებოდა, ამიტომაც მომმართავდა ასე ,,გოგო”. ოთახში იყო ჩვენ ორის ფიქრები, მაგრამ არ იყო ჰაერი, რადგან სივრცე იყო პატარა და ჩვენ ორის სუნთქვა – გაუსაძლისად მძიმე. ,,გოგოს” დაბნეული თვალები მქონდა, #2-ს ფეხებზე ეკიდა.

***
ფეხებზე დაკიდებული თანაყოფნით გავიარეთ სუსხი. დაგვიდგა მარტი – მოპარული დღეებისთვის სასჯელმოხდილი. სამაგიეროდ #2-თვის არავის მოუთხოვია პასუხი ჩემი არევის გამო, მათ შორის არც თავად მე, რადგან ჩვენ ვცხოვრობდით სიგიჟის კოლონიაში და იქ არავინ ფიქრობდა იდიოტური შეცდომების გამოსწორებაზე.
დღე -უთარიღო; დილა – ჩვეულებრივი; ამინდი – ქარიანი; გზა – იგივე.
#2 მიყვებოდა, რომ არსებობს რაღაცები, რასაც ანგელოზებამდე აყავხარ. მე კი ვუყვებოდი, როგორ სტკივათ ადამიანებს მოჭრილი ფრთები. მას არ ესმოდა. მერე პერიოდულობაზეც ვუყვებოდი, დანაკარგებზე, სხვებზე, უშედეგო ცდებზე, გაქცევებზე. ვისხედით ისევ იმ ერთ ოთახში, რომელიც უბრალოების გამო გაიდეალურდა. ვისხედით და ოთახში არ იყო ამინდი. სიჩუმე იდგა კართან და ალბათ, მის იქითაც. სიგარეტის ცარიელ კოლოფში #2-ის მიერ მოწეულ ღერებს ვითვლიდი და წარწერას ,,მოწევა კლავს” უკვე მეასედ ვაყოლებდი თვალს. ეს თითქმის დასასრულს ნიშნავდა.

,,ჩემს ცხოვრებას არ ჰქონდა ჟანრი – იყო უჟანრო,
არ ჰგავდა დრამას, აზრი ჰქონდა – ისე, უბრალო,
არ ჰყავდა აწმყოს სცენარისტი,
არც მხატვარი,
არც მუსიკოსი.
სულშიშველი სჯობსო – ამბობდნენ ვიღაცები
და მეც ვიდექი სრულიად შიშველი საკუთარი თავის წინაშე და მეორე ზამთრის მეშინოდა.”

ჩანაწერები სრულდება ასე; ადამიანი #2 კი უბრალოდ გაქრა და მის დასასრულზე სათქმელი არც ერთი სიტყვა არ მაქვს.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s