Them (#1)

ადამიანების დანომვრა, რაღა თქმა უნდა, საშინელი ჩვევაა, მაგრამ არის მომენტი, როცა იაზრებ რომ ისინი, ოდესღაც მნიშვნელობით სავსეები, მრავალწერტილებად კი არა, ციფრებად გადაიქცნენ. სწორედ ამიტომ ვიწყებ იმ ამბების წერას, რომლებიც მოგონებების ზედმეტად ღრმა ნაწილში არიან დალექილები.

ადამიანი #1

(2010 წ.)
მაშინ ჯერ ისევ ვარდისფერ, ცისფერ, იისფერგვერდებიანი ფურცლების სტუმარი გახლდათ #1. უვარსკვლაცო ცასავით შავი თვალები და გადამეტებულად მიმზიდველი ღიმილი ჰქონდა. სჯეროდა, რომ მის ცხოვრებაში ყველაზე სუფთა ამბავი ვიყავი და ანგელოზობამდე მხოლოდ ფრთები მაკლდა. მან არ იცოდა, რომ შეცდა.

***
მოულოდნელად ოთახის კარის ძლიერი შემოჯახუნება, ნაცნობი ხმის ჩურჩული ზურგსუკან და მისი დაკარგვის შიში. სუნამოს გადარეული სიმძაფრე პერანგზე და სიგარეტის აუტანელი სუნი ქერა, აბურდულ თმებზე. გაყინული ხელების შეხება და ყელზე მოხვეული შავი ყელსახვევი.
ქუთუთოები ძალაუნებურად დაბლა იხრებიან, თანდათან გრძელი წამწამებიც ჯარივით მიჰყვებიან და თავიანთ ქვეშ დამალულ მიამიტ გამოხედვას მალავენ. მერე ნაბიჯების ხმა – სულ უფრო შორს. პირველად ვდგავარ არარსებულივით შუა ქუჩაში თავად რომ არ მესმის ისეთი რამის მოლოდინში და მეშინია, რომ არ მოვლენ. ადამიანები არ ბრუნდებიან ასე მალე და ასე უაზროდ.

#1 თავისთავად დაბრუნდა. წინა ღამეს სიზმარში ბრმა ტყვიების მიერ დახოცილ ადამიანებს ვუყურებდი, ფორმიანების ქაოსი იყო და არცერთ მათგანს არ ჰქონდა სახე. გაღვიძებისას გავიაზრე, რომ არ მიყვარს დასასრულები, რადგან ისინი არ გრძელდებიან. მისი დაბრუნება კი დასასრულს ჰგავდა, მითს იმის შესახებ, რომ ჩამოვარდნილი მზის გასწორება შეიძლება.

ყველაფერი თამაშად გადაიქცა – მისი თითები კლავიშებზე და ჩემი ღიმილი ტუჩის კუთხეში. სცენარისტებად ვერ გამოვდექით – ვერც მე, ვერც ის. ნახევარი ნაბიჯი გვაშორებდა დამშვიდობებამდე. ნახევარი ნაბიჯი კი აღმოჩნდა გრძელი – იტევდა თვეებს, ტირილებს, ბედნიერებებს, შემთხვევითობებს, ყვირილებს, წასვლებსა და მობრუნებებს. გაუთვლელი მხოლოდ ის იყო, რომ ბავშვებს იარაღი არ სჭირდებათ ომისთვის და მზადაც არ არიან, შეეწირონ რაღაცებს, რასაც ვერ ხედავენ. შესაბამისად, რომელიმე დაბრუნება აუცილებლად აღმოჩნდებოდა უკანასკნელი.

ასეც მოხდა. ამბის მთავარი გმირი ეგოიზმმა ,,მოკლა”.

***
5 წლის მერე შევხვდით ერთმანეთს. შვილისთვის წამლებს ყიდულობდა. აღარ უკრავს, მაგრამ ზუსტად ვიცი, როგორი იქნებოდა, ისევ რომ უკრავდეს. ალბათ, მუსიკის გარეშეც ბედნიერია, მაგრამ არ მინდა ამ შემთხვევაში მისი მესმოდეს. 227 გვერდი მაქვს #1-ის შესახებ დაწერილი, ის კი ადგა და ერთ მშვენიერ დღეს ციფრად გადაიქცა. ამის მერე, როგორ შეიძლება მარადისობის მჯეროდეს?!

და მაინც, ამ ამბავს ღიმილით ვასრულებ.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s