მეოცე ანუ ვერაფერი ჩემ შესახებ

image

ჩანაწერი ტრადიციულად უნდა იწყებოდეს ასე: დღეს ბოლოჯერ ვარ ოცის და ერთადერთი რაც ვიცი ისაა, რომ ჩემი თავის შესახებ არაფერი ვიცი. მუდმივად გზაგასაყარზე ვდგავარ და ვერ ვხვდები, რომელი არჩევანია სწორი, შესაბამისად შეცდომების ჩვეულებრივ ექსპერტად ჩამოვყალიბდი.

***
ალბათ, შუაღამეა. სანაპიროზე ვზივარ, ზღვაახდენილი გოგო. ისე, რა მაგარია, რომ ადამიანებს ახალი სიტყვების შექმნა შეგვიძლია, თორემ რა გამოხატავდა ვიღაცების ჩარჩოებში მოქცევით ემოციებს. ემოციურ მანიაკებს კი არაფერი დარჩენიათ შესაბამისობების ძიების და სიტყვების გამოგონების გარდა. მეოცე წლის პირველი სურვილი ბოლო დღეს ამიხდა, გაჟღენთილი ვარ და გამალებით ვცდილობ, დამამახსოვრდეს, როგორი სუნი აქვს ამ დროს ზღვას. მგონია, რომ ზღვასაც ყოველდღე ეცვლება ფერი და სუნი, ისევე ცოცხალია, როგორც ნებისმიერი ჩვენგანი და იქნებ, უფრო მეტადაც. ჩვენზე მეტი ტკივილი და ბედნიერება ახსოვს და წარმოიდგინეთ, როგორ ინახავს საიდუმლოდ ამდენი უცნობის ამბავს. მოყოლაც რომ მოუნდეს, არავის ესმის და ღელავს, ბრაზობს, იბრძვის. ზღვის უკან ჩვენ ვდგავართ, ყველა.

მეოცე წლის ბოლო – რატომ არაა განსაკუთრებული? დაბადების დღე ყველაზე ცუდი რამაა, ბავშვობიდანვე გვაჯერებენ, რომ ამ დღეს რაღაც გასაოცარი უნდა მოხდეს, მერე კი ვიზრდებით და ვხვდებით, რომ დღეებზე მარტივი არაფერია და ეს მომდევნოც ზედმეტად ჰგავს წინამორბედებს. სიმართლე გითხრათ, რთულად გადასატანია. მიუხედავად იმისა რომ ზღაპრების არ უნდა მჯეროდეს, მაინც ველი ხოლმე რაიმე ზღაპრულს და მერე იმედგამოცლილი იდიოტის როლში ვაცეცებ თვალებს. კედელზე ლურსმნებით მიჭედებულ ჩრდილს ვგავარ, თავისუფალი ვარ და მაინც არ ვიცვლი მდგომარეობას. ასე გვჩვევია, დავარქმევთ ხოლმე რაღაცებს კომფორტს და დავსდევთ მას, ისე თითქოს ახლის ძიება რამე გაუგონარი იყოს.

ვიცი, რომ ვბოდიალობ, მაგრამ შენი ამბავი თუ გაქვს მოსაყოლი, ყველაფრისთვის მოდება საუკეთესო გამოსავალია.

-შენ სულ ამბობ რომ დაწერ.-მეუბნება ქეთი, ისე რომ მოხატულ ჭერს არ აშორებს თვალს. მესმის, რომ ადარდებს ჩემი წრეზე ბრუნვა, თუმცა ჩემთვის ისიც საკმარისია, ბოლო დროს რომ აქა-იქ რაღაცებს ვწერ. მის რეპლიკას ვაიგნორებ და ვეკითხები ,,ღმერთები კვდებიან-მეთქი?” ჩუმადაა. მერე მპასუხობს, რომ ამაზე არ უფიქრია. მე კი ამის გარდა ვერაფერზე ვფიქრობ. ვერ ვხვდები, თუ ღმერთები ,,ცოცხლები” არიან, რატომ არაა მსუბუქი ჩვენი ტკივილების ტარება. ვერ ვხვდები, რატომ მესიზმრება ყოველ ღამით მამაჩემის სიკვდილი და ვერ ვხვდები, რისთვის ვარ, თუ ვიღაც მაინც დამიწესებს საზღვრებს და ოცნებების ახდენას ფურცლებზე ბეჭდების დარტყმა-არდარტყმით ამიკრძალავს. ყველაფერი რთულადაა და გენიალურობაც ვერ იქნება სიმარტივეში, თუ სირთულეებს არ გასცდი. და სანამ ამდენი სისულელით ვიჭედავ ისედაც დამძიმებულ თავს, გონებაში ჩემი მოგონებები ტივტივებენ.

***
-აღარასდროს მაკოცო თვალებში.-ვეუბნები გიორგის. გიორგი ჩემი ცხოვრების ყველაზე მარტივი ნაწილია და სულ მგონია, რომ ჩვენ ორს ერთადერთი რაც მოგვესაჯა, მაჯის საათების წიკწიკის მოსმენა და დროის კონტროლია. განა იმიტომ რომ სხვა არაფერი გვაკავშირებს, უბრალოდ დროზე ნაკლებად არაფერი გვაშორებს და რა თქმა უნდა, ხელების შეწმენდა იმაზე სჯობს, რაზე მსჯელობასაც არავინ გადაჰყვება.

***
მე და მარიამი მთელი წელია ერთმანეთისთვის ძლივს ვიცლით და როცა ვიცლით, ერთმანეთს მხოლოდ ერთ კითხვას ვუსვამთ : ,,გაივლის?”. მარიამს ჰგონია, რომ ყველაფერი განკურნებადია და მე სულ ვუმტკიცებ, რომ გალაქტიკაში არის ამბები, რომლებსაც ჩავლა არ უწერიათ, როგორც იმ ვარსკვლავებს, რომლებიც არ ცვივა.

***
იქნებ, ერთ დღეს გადავყვე ამ ყველაფერს. და თუ გადავყვები, ეს აუცილებლად 21-ე წელს მოხდება, რადგან მუდამ მჯეროდა, რომ მხოლოდ ამ დროს მქონდა წასვლის უფლება.
,,ბევრი მყავს და ბევრს ვყავარ”-ესაა ის მთელი მნიშვნელობა, რომელსაც ვერც მათემატიკური გამოთვლებით შევცვლი და ვერც იმ ფაქტით, რომ მიწამ ან ზღვამ ჩამყლაპა. სიმშვიდეს ისევ სძინავს სასთუმალთან და მგონი, არასდროს დააპირებს, რომ გადამცდეს.

ეს წელი სიგიჟე იყო, მაგრამ ამის მეტი არც არაფერი რჩება. როცა ,,სხვა ტალღას” დავწერ, ყველას ეცოდინება, რომ მე ის გოგო ვარ, რომელიც თამაშებში უნიჭობას ავლენდა და ერთ დღესაც გადაწყვიტა, სხვის თამაშებზე ეწერა.

P.S. სანაპიროზე წერილებს თუ გადააწყდებით, ქარმა კი არა, მე მოვიტანე. ნახვამდის, მეოცევ. ოცდამეერთე მელოდება!

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s