მავთულხლართებიდან ორ ნაბიჯში

ვიღაცისთვის ორი კილომეტრი სარბენად გათვლილი დიდი მანძილია, ვიღაცისთვის კი საზღვრამდე ორი ნაბიჯი. ვწერ მავთულხლართებიდან ორიოდე ნაბიჯში. ადგილიდან, სადაც არც ისე თბილი სახლები და ზედმეტად ბევრი სიჩუმე დგას.

***
სოფლამდე მისასვლელი გზა იმაზე ცარიელი და გრძელი აღმოჩნდა, ვიდრე ვიფიქრებდი. ჩასვლისთანავე სახეში ცივი ქარი შემომეხალა, მერე უცხო სახეებიც ჯარივით დამიდგნენ თვალწინ. დიდხანს ვიდექით ერთმანეთის პირისპირ და ვიღიმოდით. მათთვის ერთადერთი უცხო ადამიანი მე ვიყავი და ისიც – დროებითი.

***
ყველაზე საშინელი სიტყვა რომელია? – მეკითხება ნინელი. არ ვიცი-მეთქი, ვუპასუხე. დავიბენი. – ომი. – მომიბრუნდა პაუზის მერე და სათვალე გაისწორა.
– ომი ყველაფერია, რაც კი ცუდი არსებობს- სიკვდილი, ნგრევა, შიმშილი, ტირილი, ყვირილი, შიში, მარტოობა.ამაზე საშინელი გეგულება რამე? – თავი გავიქნიე და სიჩუმის ჩამოწოლას შევეგუე.

აქ კედლებს ჯერ ისევ ვერ მოუნელებიათ ბზარები, ადამიანებს – ერთმანეთის წასვლები. ითვლიან ჩამონგრეული სახლების რაოდენობას და 2008-ის მოგონებებში დაძრწიან. ვატყობ. როგორ არ უყვართ იმ წელიწადზე საუბარი და კითხვების დასმაც პატარა ბავშვივით მერიდება. სანამ მე კედლებზე ბზარებს ვითვლი და ვფიქრობ, ნინელი ომზე მიყვება.

wp-1464255952391.jpg-თბილი ადიალები მიგვქონდა და ბაღის ბოლოს ვიმალებოდით შვილები, დედები, დები, მეზობლები, მეგობრები. მამები არ გვყავდა. შევიფარებდი ჩემს შვილებს გადასაფარებლის ქვეშ და ასე თენდებოდა. ალბათ, სწორედ ისინი იყო თეთრი ღამეები, რომლებსაც სიბნელის სიმწარე დაჰყვება. გვერდით სოფელშიი ტანკი რომ გაივლიდა, აქაურობა ისე ზანზარებდა, თითქოს ყურისძირში მოდის და ეგააო. ყველას გვეშინოდა, მაგრამ გაქცევა? გაქცევა ცუდი რამეა, თან ყველა თუ გარბის, მით უმეტეს. – ღუმელში ბოლო ნაჭერი შეშა შევდე და პიტნის ჩაი მოვსვი. როცა არ ვიცი, რა ვუპასუხო ადამიანებს, ასე ვიქცევი – ვზივარ ჩუმად და ვმოქმედებ მარტივად. ნინელის სულ ჰგონია, რომ მეშინია და ჩამოსვლის დღიდან მიმეორებს, აღარ ჩამოვლენ ოსებიო.

-რომც ჩამოვიდნენ, არ მეშინია, დავრჩები. – მიღიმის და თითებს წრიულად ათამაშებს ღუმელის კუთხეზე. ძალიან არ მიყვარს, ნინელის ხელების ყურება, მთელი ცხოვრება მათზე ეტყობა – ყველა ტკივილი, ყველა.

-მერე რას იზამ?

-დავწერ. – ვპასუხობ და ვხვდები, რომ ამაზე უაზრო პასუხი არასდროს არავისთვის გამიცია.

– ამაზე საშინელს რას დაწერ? კედელს რომ ბზარები ემატება და ამ დროს ყველა ყრუვდება, ვისაც დახმარება შეუძლია. – ამ დროს მეც ძალიან მინდა ყრუ ვიყო და არ მესმოდეს მისი ამბავი, ბრმა ვიყო და ვერ ვხედავდე, როგორ უდგება თვალებში ცრემლები, როგორ კანკალებს მთელი ტანით და როგორ დარდობს. მე ომზე მეტად ადამიანების ასეთი ტკივილის მეშინია.

wp-1464256085735.jpg
სოფელი საციხური, ქარელი.

 

***
ერთ დღესაც წამოვედი. ის ორი კილომეტრი ჩემთვისაც ის ორი ნაბიჯის მანძილი გახდა, საკუთარ სამშობლოში რომ რუსი ჯარისკაცები მიდგანან და გაყინული სახეებით უყურებენ მორიგ ნადავლს. ჯანდაბას ვიღაცების ,,ურაპატრიოტიზმი”, როცა ადამიანები მავთულხლართების მეორე მხარეს მშობლების, შვილების, დების, ძმების, სხვა ადამიანების საფლავებს უყურებენ და არაფერი დარჩენიათ იმის გარდა, რომ თქვან ,,იქ ჩვენ ვცხოვრობდით.” არავის უნდა აღვიძებდეს დილით გასროლის ხმები და არავის უნდა ეშინოდეს, რომ სადღაც ახლოს ისევ აღარ სუნთქავს ვიღაც.

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s