მეექვსედან ჟურნალისტიკამდე

2013 წელს ბედნიერი ჩავირიცხე სასურველ ფაკულტეტზე და იმედებით გამოვიჭედე თავი, მას შემდეგ ორი წლის განმავლობაში გაფაციცებული ვიჯექი მეექვსე კორპუსის სხვადასხვა აუდიტორიაში და ვისმენდი ათასგვარ თეორიასა და იმ კანონებს, რომლებიც რეალურად არავის დაუწერია. გონებაში თეორიული მასალის ზრდის პროპორციულად იზრდებოდა ჩემი სურვილი, გავმხდარიყავი ჭეშმარიტად კარგი ჟურნალისტი. სწორედ თეორიების კითხვის პერიოდში გავიაზრე, რომ ჟურნალისტიკა ის პროფესიაა, რომელიც გამოცდილებაზე გადის. ამ უკანასკნელის გარეშე ვერასდროს მიხვდები, როგორ მოიქცე რთულ სიტუაციაში, როგორ დაითანხმო რესპონდენტი ნანატრ ინტერვიუზე, როგორ მიიღო პასუხები სასურველ კითხვებზე და ა.შ. უსასრულოდ. სამწუხაროდ, ეთიკისა და სტანდარტების შესახებ ლექციების მოსმენა საერთოდ არ შველის ადამიანს რთულ სიტუაციაში, ჰოდა, მთელი ,,მეექვსე კორპუსის საზოგადოებაც” გამალებული ელის იმ მშვენიერ დღეს, როდესაც მის სტუდენტურ ცხოვრებაში პრაქტიკა პირველ ნაბიჯს შემოდგამს.

და აი, ნანატრი დღეც. 21 მარტს ,,გზავნილის” რედაქცია გზას ჭეშმარიტი ჟურნალისტიკისკენ გაუყვა. თბილისში შეკრების პირველი წუთიდან გაისმოდა კითხვები, ,,რაზე წერ” ,,აბა კითხვები” ,,რესპონდენტზე რა იცი” ნერვიულობ?” და იყო პასუხების ალიაქოთიც. ეს ალიაქოთი კი იმით იყო გამოწვეული, რომ თითოეული ჩვენგანი მივდიოდით სადღაც, უცნობ ადგილას, რომელზე არსებული მხოლოდ მწირი ინფორმაციით თუ დავიკვეხნიდით. ერთმანეთის თემებზე ვსაუბრობდით, განვიხილავდით, ვურჩევდით და ვუჯერებდით და ეს ყველაფერი იყო ის, რაც ქართულ თანამედროვე ჟურნალისტიკას ყველაზე მეტად აკლია. ყვითელი პრესის ფურცლებზე წაკითხული სტატიები გონებიდან როგორღაც წავშალეთ და გადავწყვიტეთ, სინამდვილეზე გვეწერა.

Pen-and-Paper,,ბავშვები უნივერსიტეტიდან” – ასე მოგვმართავდნენ პოტენციური რესპონდენტები, მასპინძლები, ჩვენი დანახვით დაინტერესებული ადამიანები – ყველა, ვისზეც უნდა გვეწერა. ისინი არ იყვნენ მოლაპარაკე ყუთიდან მოსაუბრე ,,ტიპები”, რომლებიც ათას რამეს გვპირდებიან. ისინი არ იყვნენ რეიტინგულ გადაცემებში მიწვეული ძვირფას სავარძლებში გამოჭიმული ადამიანები. ისინი არ ჰგავდნენ მათ, ვინც კრიტიკით არ იღლება.  ისინი იყვნენ ნამდვილები თავიანთი საქმით, სიყვარულით, დამღლელი ყოველდღიურობით და ამბებით, რომლებსაც საკუთარ გზებზე აგროვებენ. ჩვენც სწორედ ამ ამბების შეგროვება დავიწყეთ.

დაახლოებით 10 საათი იქნებოდა, საგარეჯოში რომ ჩავედით. თემები გადავამოწმეთ, ამაყად მოვიმარჯვეთ კალმები და ბლოკნოტები და თითოფოტოგრაფმოპოვებულები დავიშალეთ. ალბათ, იქამდე ვაყოლებდით ერთმანეთს თვალს, სანამ ზურგებს ჰორიზონტი ჩაანაცვლებდა. საგარეჯოში მუშაობა ერთგვარად პირველი შეჯახება იყო პროფესიის სირთულესთან და იმ ყოველდღიურობასთან, რომელსაც ასე გავურბივართ ხოლმე. ვხვდებოდით ადამიანებს – სახლებში, ეზოებში, გამგეობაში, თეატრში, მუზეუმში, ქუჩებში, გაჩერებებზე –ისინი არ ჰგავდნენ ერთმანეთს და ამავდროულად არაფრით გამოირჩეოდნენ ერთიმეორისგან. მათ უკვირდათ ჩვენი იქ ყოფნა და კითხვაზე ,,რა გიჭირს” პასუხობდნენ ასე: ,,რა შეგიძლიათ”, ,,რითი დაგვეხმარებით რომ?”, ,,აბა თუ გვეშველება” და ა.შ. დამეთანხმებით, პასუხები ჰგავდა ერთმანეთს და ყველაში იყო იმედის ნატამალი, რომ ჩვენ, უბრალო სტუდენტებს საწერი კალმებით ხელში შეგვეძლო, ვინმეს მომავალი შეგვეცვალა. რეალურად კი ჩვენ უბრალო მთხრობელები ვიყავით, რომლებიც ჯერ გულისყურით ისმენდნენ და მერე აჟღერებდნენ ყველაფერს, რასაც ინტერესის სუნი დაჰკრავდა. ზოგადად, არიან ჟურნალისტები – მთხრობელები და მეზღაპრეები, ამჯერად არჩევანი ჩვენზე იყო. ყველამ ვიცით, რომ საზოგადოებას უყვარს ზღაპრები ან ტრაგედიები, ისინი რადიკალები არიან, ზომიერებას ვერ ცნობენ და შესაბამისად, თხრობა მათთვის სიმარტივეა, მეტი არაფერი. და როცა დგება არჩევანი ,,რეიტინგსა” და ჭეშმარიტებას შორის, კარგი ჟურნალისტი ირჩევს სინამდვილეს.

shutterstock_110345888საგარეჯოს გავლით ჩვენ სინამდვილეში გავიჭედეთ. ყველაზე მკაცრი კი ამ სინამდვილეში იყო ის, რომ რესპონდენტები გაგვირბოდნენ და რომელიმე ჩვენგანს რომ ეკითხა, რატომ, მათი პასუხი იქნებოდა დუმილი, რადგან დუმილი ოქროა, განსაკუთრებით კი მოლაპარაკე ყუთების ეპოქაში, სადაც ყველაფერი შეცვლადია. ასე რომ ჩვენს კითხვებამდე პასუხები უფრო მეტად იდგა და ის საქმე, რომელმაც აქ ჩამოგვიყვანა. დილის სირთულეების დაძლევის შემდეგ მთელი დღე მზესუმზირის ჭამას დაემსგავსა, შეგვიყოლია. შევდიოდით ყველა ჩიხში, ყველა ჩამონგრეულ, მიტოვებულ სახლში, ყველა ტაძარში. მივდიოდით მძღოლებთან, გლეხებთან, გამგებელთან, მსახიობებთან, გამვლელებთან და მათთანაც, ვინც ასაკმა წელში მოხარა. ვუსმენდით ყველას და ვისმენდით ყველაფერს. ვაგროვებდით კადრებს დაუღალავად, რადგან არაფერი ინახავს გამოსადეგ მომენტებს ფირზე უკეთ.  ვინახავდით ემოციებს, რომლებსაც საგარეჯოში მყოფი ადამიანები გვიტოვებდნენ. ალბათ, ემოციაა ის ოქროს ნაწილაკი, რაც ჟურნალისტურ ნაშრომს ძვირფასად აქცევს. და რა თქმა უნდა, ყველას უნდა, ის რისთვისაც შრომობს, იყოს ღირებული.
მერე ავდექით და წამოვედით, ოღონდ ამბავი აქ არ სრულდება, რადგან იმ 12 საათში გავიზარდეთ და საგარეჯოდან თბილისამდე გასავლელი 40 წუთის განმავლობაში რამდენიმე წელი მოგვემატა. უცხოა მომენტი, როცა უნივერსიტეტის კედლებიდან აღწევ და რეალურად ეჩეხები ყველაფერს, რაზეც რამდენიმე წლის განმავლობაში გიყვებოდნენ. ერთმა დღემ შესაძლოა პროფესიონალი გაგხადოს ან საბოლოოდ გაგასწოროს მიწასთან. 21 მარტი ,,გზავნილისთვის” თითქოს გამოცდა იყო და პირველი ნაბიჯი იმ ბეწვის ხიდზე გასავლელად, რასაც ჟურნალისტიკა ჰქვია.

***
ისევ აუდიტორიებში გამოვიკეტეთ. გუგუნებს მეექვსე კორპუსი ,,ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” 11 მუხლის გამეორებით. დაიღალნენ კედლები, გადაკეთებულ-გადმოკეთებული პრეზენტაციების არეკვლით. ჩვენ კი უბრალოდ ვდგავართ და ცვლილებას ველოდებით, მომენტს, როცა ჟურნალისტიკის გზა მართლა სიმწრით ნაგროვებ გამოცდილებაზე გაივლის.

ჟურნალისტის ჩანაწერებიდან

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s