ამბავი მზეებწართმეულებზე

,,მაღალ ქუსლებზე შევდექი და მომიხდა კარე..“ – ასე დავიწყეთ საუბარი 5 წლის წინ. მაშინ ჯერ კიდევ არ იყო დეკემბრის სუსხი და არც წლების დარდი მოგვყვებოდა რომელიმეს. გავიზარდეთ-მეთქი , როგორ ვთქვა, მაგრამ ის მართლა გაიზარდა.

ჭორფლიანი გოგოა, ჰოდა ასეც მივმართავ ზედმეტი სახელების გარეშე. მზის ღიმილი დააქვს თვალებით.

***

არც ვიცი , როგორ მოვყვე. მაშინ ის მაგარი გოგოები ვიყავით, ლიტერატურულ საღამოს რომ არ ვტოვებდით უყურადღებოდ , ყველა ახალგამომცხვარ პოეტს რომ შევციცინებდით , ბევრს ვიცინოდით და გვჯეროდა, რომ ყველაფერი ძალიან კარგად იქნებოდა. ერთ დღესაც ჭორფლიანმა მწვანე ფერის ნაგვის ყუთში მოისროლა ყველა მუზა და დარჩა ცარიელი, შიშველი თავის ამარა. ძალიან ეშინოდა მაშინ , ქუჩაში გამოსვლის და ახალი ცხოვრების ეშინოდა , ჩამოიქცია თითქოს წლები თავზე და საკუთარ მეს ჯანდაბაში გაექცა.

***

გაბედნიერდასა და გათხოვდას შორის დაემართა რომელიღაც. ემოციადდარჩენილი ჭორფლიანი გაქრა. გაქრა ქალაქიდან , ვირტუალური სივრციდან, ლიტერატურული საღამოებიდან , პოეზიიდან , ჩემიდან. გაგეცინებათ და დღენაკლულთა დღეების გოგონები დავრჩით, მხოლოდ თებერვლის 27 გვქონდა ერთმანეთის დღედ და ვხვდებოდით ასე , 365 ან 366 დღეში ერთხელ შემოყინული ღიმილებით.

fb_img_1458506823784.jpg-რატომ ეწევი ? – მკითხა ერთხელ. მე ღრმა ნაფაზს ჩავაყოლე მთელი ჩემი დარდი და არ ვიცი-მეთქი , ვუპასუხე. გაეღიმა.
-მაინც?
-ჩემი თავის გამო. – მერე თვალები სადღაც მიწამდე ჩავიტანე , რადგან არ შემეძლო მეყურებინა ჭორფლიანი გოგონასთვის, რომელსაც მზეები ამოუშრეს თვალებში , სხივები გამოაცალეს ღიმილიდან და შემატოვეს ასეთი – არაფრისმთქმელი. წინ მედგა ჭორფლიანის შვილის მამაც და ელოდებოდა, როდის გამომაცლიდა ჩემი ბავშვობის ისტორიის ნაწილს. იმ დღეს ჭორფლიანს არ დავემშვიდობე , რადგან მეშინოდა, ეს ჩვენი ბოლო შეხვედრა არ გამხდარიყო.

 

***
თითქოს მეგობარი დავკარგე. დავკარგე არა ჩვენი(რომელიმეს) შეცდომების გამო , არამედ სხვების გამო , იმ ადამიანების გამო , ქუჩაში რომ მეჩეხებიან ყოველდღე უემოციობით გადაჩეხილი სახეებით, სევდა- და ბედნიერებაგამოცლილი თვალებით, ჩურჩულებით, სამყაროს რომ ვერ აწვდიან თავის სათქმელს და კომპლექსებით , რომ ერთადერთები ვერ აღმოჩნდნენ ამ დედამიწაზე.

***
და ისევ წავიდნენ ამბები თავიანთ გზებზე. ერთხელ ჩემი და ჭორფლიანის გზები გზაჯვარედინად გადაიქცნენ და შევეჩეხეთ.

ნეტა იცოდეთ , როგორ ავუარ-ჩავუარეთ ერთმანეთს – გულები კილომეტრის მოშორებებით დავტოვეთ, რომ არ გვტკენოდა ასეთი უსიტყვო შეხვედრა. აი ისეთი, ძვირფასი ადამიანი რომ გაგიქრება ერთ მშვენიერ დღეს ცხოვრებიდან და ,,გამარჯობა, როგორ ხარ?“-ის იქით ვერაფერს რომ ეუბნები. აი ისეთი, სულ არშეხვედრა რომ სჯობდა. აი ისეთი, კითხვების კორიანტელი რომ გაქვს თავში და იცი, ყველა კითხვით ატკენ მეორე მხარეს. მე მეშინია ასეთი შეხვედრების, უბრალოდ მეშინია.

***
და მომდევნო გზაჯვარედინი.

მიყვარს მეტრო , ვის არ გადაეყრები სადგურებზე.

ჩვენც გადავეყარეთ. დიდხანს ვიდექით ჩუმად პირისპირ , სახეზე ცრემლებისგან გაჩენილ ღარებს ვუთვლიდით ერთმანეთს. ჭორფლიანი ცივი და მშვიდი იყო და ვერასდროს აგიხსნით , რა შუაშია ეს ორი ეპითეტი ერთმანეთთან. უბრალოდ, საზიზღარი შეთანხმებაა.

-ნუ ხარ ასე საშინლად მშვიდი! – ვერ მოვითმინე და მაინც ვუთხარი.
-რა ვქნა? – შემრცხვა ჩემი თავის. მახსოვს, ხელები მაგრად მოვუჭირე ხელებზე. მინდოდა, ეგრძნო , რომ ისევ ვყავდი და შეეძლო გამოქცეულიყო ჩემთან მაშინ, როცა დასჭირდებოდა.
– რამდენი წელია ერთი სიტყვაც არ დამიწერია, იცი ? მეგონა, მაშინ წერდნენ , როცა უჭირდათ , მაგრამ ამაზე მეტად რომ არასდროს გამჭირვებია?! – მე დამენანა ჭორფლიანი გოგო.
-მჯერა , რომ დაწერ, თუნდაც 20 წლის შემდეგ. – და ჩამოწვა საზიზღარი სიჩუმე.

***

-ბავშვი როგორაა? – ხომ ვთქვი , კითხვები ტკენენ მეთქი მეორე მხარეს. სულ ზედმეტები არიან. -რომელი, უკვე 2 თვე რომ არის, რაც არ მინახავს? – გავიოცე, ჩემი ემოციების მენიუში ამ ფაქტის შესაბამისი ვერ მოვძებნე, დავიბენი.
-შვილს რომ ვერ ნახავ და ეს ფულის ამბავიც. – ორივე გავჩერდით , ორივეს უხერხულობისგან გაქცევა გვინდოდა, ორივეს გვეშინოდა იმ რეალობის, რომლის წინაც ერთად ვიდექით.
-წლების წინ რომ ვიყო , ასე ალბათ არაფერი იქნებოდა.

***

,,მაღალ ქუსლებზე შევდექი და მომიხდა კარე“ – ახლა ჩემი ჯერია, ამ ფრაზას ვამბობდე. ახლა მე მეგობარგამოცლილი გოგო ვარ ამ მეგობრის დარდით , მეგობრის შვილის დარდით. მე არ მინდა ასეთ ქვეყანაში ცხოვრება. არ მინდა, ბევრი დედა დადიოდეს და შვილი ენატრებოდეს. არ მინდა, დედას შვილის გამოსაკვებად შემოსავალი არ ჰყოფნიდეს. მე არ მინდა, ვიცხოვრო ქვეყანაში , სადაც არჩევანის თავისუფლების მაგივრად , უარესობის თავისუფლება მექნება. მე ამ ქვეყნის მეშინია , მე იმ ადამიანების მეშინია, რომლებიც დანარჩენ ადამიანებს ერთმანეთს გვაცლიან და თვალებში აციმციმებულ მზეებზე გვაბიჯებენ.

და ჭორფლიანი მაინც მზიანი გოგოა.

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s