მარიამი, ყვითელი დეკოლტე და პატარა ქალაქის ამბები

,,ხომ არის რაღაცები, რაშიც გინდა-არ გინდა, ეჭვი გეპარება,
ჩვენში – არასდროს!”

ეს ფრაზა ერთი დიდი შემთხვევითობა იყო, იქამდე, სანამ მივხვდებოდით რომ ჩვენს ურთიერთობას მასზე უკეთ ვერაფერი გადმოსცემდა. და საერთოდ, ჩვენი ამბავიც შემთხვევითობა იყო.

2009წ. 8 ნოემბერი.
ლერმონტოვის N3. ეს მისამართი უნდა მახსოვდეს, ეს დღეც, ის კიბეებიც და ის მოღვინისფრო კარიც, მარიამსა და ჩემს შორის რომ ჩადგა. მაშინ პირველად შევეჩეხეთ ერთმანეთს, უფრო სწორად მარიამი შეეჩეხა ჩემს ყვითელ დეკოლტეს და საერთოდ არ მინდა, მოგიყვეთ, რაც გაიფიქრა. ,,ეს გოგო ვინღაა” და მან არ იცოდა, რომ ეს გოგო მისი ცხოვრების მეწილე გახდებოდა. სარკაზმი გადმოვღვარეთ ორივემ თვალებიდან და ასე დავშორდით ერთმანეთისთვის ჯერ ისევ არაფრისმთქმელები.

2009წ. 21 დეკემბერი.
მერე ერთად დაგვიდგა ზამთრის სუსხი, ერთად შევხვდით იმ წლის პირველ თოვლს და ერთმანეთის პირველ გულწრფელ ღიმილებსაც. გულწრფელობა იმ ყვითელი მაისურივით ღრმად ჩავჭერით და მოვყევით ჩვენი ამბების ავლებ-ჩავლები. პირველად მაშინ გამაღვიძა მარიამის ღრმა ამოსუნთქვებმა და მთელი ღამე ვდარაჯობდი მისი სუნთქვის სიხშირეს. გამთენიისას მსუბუქად დავეშვი საწოლზე და მეძინა მხოლოდ იქამდე, სანამ მისმა კივილმა არ გამაღვიძა. ,,ვალი” – გრძელი ამბავია, ვერ მოგიყვებით, მაგრამ დამერწმუნეთ, კივილად ღირდა.

Facebook-20160223-064552და სწორედ 2009-ში გადაებნენ ჩემი და მარიამის გზები. მერე დავრბოდით მეტროს ბოლო ვაგონიდან პირველში, ,,ნუ მიეყრდნობით”-ზე ცხვირებმიტყეპებულები თვალებს ვაყოლებდით სიბნელესა და სიჩქარეს, ვიჯღანებოდით დაკლაკნილშუშებიან ფანჯრებში, ლექსებს ვუკითხავდით ერთმანეთს, ვწერდით, ბედნიერები ვიყავით. ცხვირწინ ჩაგვიარეს წლებმა,  ფიფიმაც კი მოასწრო სიკვდილი და მე ვბრაზობდი, როგორ გაბედა-მეთქი. როცა მარიამს ოქროს თევზი ვაჩუქე, გულით მჯეროდა რომ ის ყველა სურვილს აგვიხდენდა, იმ სურვილებსაც ყოველ წელს ტაბიძის ქუჩაზე გადაბიჯებისას რომ ვიფიქრებთ ხოლმე, იმათაც ზემო ბეთლემის კიბეს რომ ვუთქვამდით და იმათაც, რომლებიც დაგვავიწყდა. ეს თევზი კი უბრალოდ გადატრიალდა და მოკვდა. დაგვრჩა აუსრულებელი სურვილები და ბევრი დარდი დაულაგებლობაზე.
დღემდე.

***
2012წ. ახალი დაწყებული გვქონდა ორივეს მაკიაჟის ტარება. როგორც მარიამი ამტკიცებს, დალტონიკი ვარ, მაგრამ ზუსტად ვიცი, იმ დღეს ხაკისფერი, ფრიალა კაბა მეცვა; კიდევ საოცრად გრძელი თმა მქონდა. და მივდიოდით ჩვენ ორნი, მივდიოდით თქეშში და არ არსებობდა არავინ ჩვენზე ბედნიერი. იცით, მაშინ რაზე ვოცნებობდით? რომ იმ მომენტში ქუსლიანები გვცმოდა.

მერე მარიამმა კი აიხდინა ეს ოცნება, 3 წლის შემდეგ. 2015-ის ნოემბერი, რამდენიმე საათი ვურეკავდი და რამდენიმეჯერ გამოვიდა სახლიდან. დამერწმუნეთ, არცერთხელ მოუტყუებია, გზაში ვარო, უბრალოდ, ყველა თქმის შემდეგ უკან მიბრუნდა. და ბოლოს რატომ?! მხოლოდ იმიტომ, რომ წვიმდა და მას ქუსლიანები უნდა სცმოდა. ჰოდა მოდიოდა მარიამი, საოცრად გაწონასწორებული, მშვიდი, ღიმილიანი, მუქი ლურჯი მანტო ეცვა, მოკლე კაბა და წვიმდა ისე, როგორც New York-ს სჩვევია ხოლმე. და ჩვენ სხვა რა გზა გვქონდა, თუ არა გზა ,,Sapore”-ს კაპუჩინომდე.

***
1959352_635206209892001_7281714590966980431_nდაგვდევდნენ არეულობები, ან ჩვენ ვპოულობდით მათ და ასე ხდებოდა ყოველთვე, ყოველ კვირას, ან ყოველდღე. და ჩნდებოდნენ კითხვები ,,ისევ?” და ჩვენ ერთმანეთს ვპასუხობდით, რომ ,,დიახაც” და უარყოფითი პასუხი შვების მაგივრად აუცილებლად გადაიქცეოდა შიშად, რომ გავჩვეულებრივდით.
მე და მარიამს ისევ შემოგვრჩა წერილების მიწერის ჩვევა, ჰოდა, ვწერთ.
ადრე მხოლოდ დაბადების დღეზე ვუგზანიდი ხოლმე უზარმაზარ წერილებს, მერე გამიჭირდა, ძალიან გამიჭირდა, საკუთარ თავთან ვმარცხდებოდი.

,,გამარჯობა, მარიამ.
არ ვიცი , როგორ ვარ. შენ ახლა ვიცი, როგორც. ბოლო დროს ყველაფერს უფრო მძაფრად ვგრძნობ. აუხსნელი შეგრძნება მაქვს, ასე მგონია სხეული ჩემი არაა, ან თუ ჩემია , ნაწილებადაა დაშლილი და როცა აწყობას ვცდილობ, ბევრ ნაწილს ვკარგავ. ამასწინათ ვფიქრობდი, რომ ძალიან ნისლიანი ზამთარი მინდოდა, ისეთი რომ მივცურავდე შიგნით და არაფერი იყოს სითეთრისა და ჩემ გარდა. ვამბობდი დიდი ხანია, არ მინახავს ნისლი-მეთქი. დღეს ექვსიც არ იყო რომ გამეღვიძა და მასეთი ნისლი დამხვდა. ფანჯარა გავაღე და ვიგრძენი, ზოგჯერ რა სუფთაა სივრცე, მაგრამ ვერ გავცურე. რატომ არავის ვაძლევ უფლებას, ცურვა მასწავლოს?”

და მარიამმა მიპასუხა: ,,ახლა რატომღაც წარმოვიდგინე, როგორ ძალიან გაგიჭირდება დედასთან ჩახუტება. რატომ უნდა ერქვას დედასთან ჩახუტებას გაბედვა. – და ამ ქვეყანაზე არ არსებობდა არაფერი ამ პასუხზე წმინდა და ძვირფასი.

***
მარიამის ამბავი ჩემი ამბავია, ჩემი ამბავი მარიამისაა, წინათგრძნობა გვაქვს. ალბათ, ერთადერთია, ვინც დილის 5 საათზე მირეკავს და მთხოვს, რამე კარგი მოვუყვე. და ალბათ, მეც ერთადერთი ვარ, ვინც სთხოვს, ზღაპარი წაუკითხოს. როცა სადმე ძალიან ბნელა, ვურეკავთ ერთმანეთს და კურიოზებს ვუყვებით, იქამდე სანამ სიბნელის შიში მუცლის ტკივილში არ გადაიზრდება. და როცა ძალიან მარტოები ვართ, მხოლოდ მაშინ ვეკითხებით ერთმანეთს ,,როგორ ხარ?” და ეს კითხვა ყველაზე რთულად პასუხგასაცემია. და საერთოდაც, ბევრ კითხვაზე არ არსებობს პასუხი, დავდივართ, ვეძებთ და არაა და ჩვენ ვიცით, რომ ზუსტად ამას ჰქვია ცხოვრება.tumblr_mk8v54ht9w1rtxgizo1_500

***

2015 წლის 27 თებერვალს ჩვენ ვისხედით გვერდიგვერდ ერთმანეთის აღმოჩენიდან მეექვსე წელს და მარიამმა მომწერა: ,,რა ბედნიერი ვარ, რომ მყავხარ!” და არ არსებობდა იმ რი იმის მეტი, რომ მარიამს ვყავდი და ჩემი პასუხი იყო ,,ჩემო ძვირფასო”. ჩვენ არ ვიცით, რა იქნება ხვალ ან დღეს, მაგრამ ვიცით რომ ყოველთვის შევძლებთ ,,ჭრელო-პეპელა” გოგოებად გადაქცევას, 20 წლის შემდეგაც.

,,გამარჯობა, მარიამ! არ მჯერა, რომ თუ ძლიერი ქალები გავხდებით, დავლაგდებით.
ნახვამდის!”

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s