ანდრეა ანუ ღიმილის ამბავი

როგორც ყოველთვის, არ ვიცი საიდან უნდა დავიწყო ეს ამბავი. ალბათ, 5 წლის უკან უნდა გადავახვიო წარსული და საჭირო კადრები ამოვკრიბო. კარგია, რომ დეტალები მახსოვს, თორემ ჩემი ცხოვრება ერთი მოსაწყენი, ბუნდოვანი ფილმი იქნებოდა.

5 წლის წინ ახალი წლის ღამეს დღიურში პირველ ჩანაწერს ვაკეთებდი, ,,ვარსკვლავთვალება” ერქვა და იმ ჯადოსნურ ამბავზე ყვებოდა, რომლისაც მაშინ არ მჯეროდა. დაახლოებით ასე იყო ,,იყო და არა იყო რა, ღიმილის უკეთესი რა იქნებოდა. თოვდა, ძალიან თოვდა, მაშინაც გასაქცევს ვეძებდი და გზის მაგივრად ვარსკვლავთვალება ბიჭი ვიპოვნე. ბედნიერი ვიყავი.” ჩანაწერს P.S.-ში მინაწერი ჰქონდა ,,მართლა რომ მეყოლოს ძმა, რა იქნებოდა. თუმცა ასეთი ოცნებები არ ხდება.”

იმ წელს დაბადების დღეზე დედამ საჩუქრად ძმის ყოლის ამბავი მომიტანა. უნდა გენახათ, რამდენი წრე შემოვარტყი ოთახს. წარმოვიდგინე, როგორ წავუკითხავდი მას ,,პატარა პრინცს”, როგორ ვასწავლიდი ანბანს, თვლას, სიარულს. მასთან ერთად ხელახლა დავაპირე ფეხის ადგმა და ლაპარაკის სწავლაც. მაშინ მე ნამდვილად ვიყავი ვარსკვლავთვალება, დიდი გოგო და ველოდი ყველაზე დიდ ბედნიერებას. 12573804_1211246005571685_8783972277761027688_n

4 წლის წინ 29 იანვარს ისევე ძალიან თოვდა, როგორც ჩემი დღიურის ჩანაწერში. საციგურაო მოედანს ისევე ვარტყამდი წრეებს, როგორც ოთახს. გიჟივით ვიღიმოდი და ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ 1 საათში ჩემი ყველა ტკივილის წამალი იტირებდა რომელიღაც საავადმყოფოში, რომლის სახელიც ვერაფრით დავიმახსოვრე.

და დაიბადა ანდრეა. იცით, როგორი შეგრძნებაა, ფანჯრის მიღმა რომ შენს ახდენილ ოცნებას უყურებ? ხედავ, რომ თვალები ჯერ არ გაუხელია, საოცრად პატარა თითები და შენნაირი ცხვირი აქვს. მეტი არაფერი იცი მის შესახებ, უბრალოდ შენია. იმ დღეს მივეკარი ფანჯარას, რომელიც გვყოფდა, ცრემლები ღაპაღუპით მომდიოდა და გული მიცემდა ისე, როგორც უცემთ პირველი სიყვარულის პოვნისას.

ახლა ის მომენტია, რომ არ ვიცი, ამბავი როგორ გავაგრძელო. შემიძლია, მოგიყვეთ, როგორ ვკანკალებდი პირველად რომ ავიყვანე ხელში ანდრეა, ნახევარი საათის განმავლობაში გაშეშებული ვიჯექი სასტუმრო ოთახში შიშით, რომ ძმას რამეს მოვტეხდი. მერე საკუთარ შიშზე მეცინებოდა. შემიძლია, ისიც მოგიყვეთ, ანდრეას პირველი კბილი რომ ამოუვიდა. ყველა მეგობარს წერილი მივწერე და ისე ვახარე ეს ამბავი, რომ მჯეროდა, მათაც ჩემსავით უხაროდათ. მერე იყო პირველი ტიტინი, პირველად ნათქვამი ,,დედა” და ,,დაი”; დედის იავნანის ჩუმად ყურისგდება ყოველ ღამით და ჩაძინებული ანდრეას სუნთქვის ტემბრის დამახსოვრება. განცდებზე ვერ მოგიყვებით, რადგან არსებობს შეგრძნებები, რომელთა აღწერაც შეუძლებელია და ანდრეასთან დაკავშირებული შეგრძნებები სწორედ ასეთია ჩემთვის. FB_IMG_1423324966748

დღეს შემიძლია, ვუყურო ჩემს თავს ამ ოთხი წლის შემდეგ და გითხრათ, როგორ გავხდი სხვა ანუ როგორ გადაიქცა ,,ეგოისტი მე” ანდრეას ღიმილის მომლოდინე გოგონად.

ჩვენ ერთად ვისწავლეთ ცხოვრება, ნაბიჯების ხელოვნება, სიტყვების არჩევა, ემოციების დალაგება და გულწრფელი ღიმილი. ჩვენ მართლა ერთად გავიზარდეთ. ანდრეა იყო მაყურებელი ჩემი ცრემლების და უაზრო სიჩუმის, მაშინ როცა ძვირფასი ადამიანი დავკარგე. მეჯდა ხოლმე თავთან და თმაზე მეფერებოდა, ,,არ გაგაბრაზებო” მეფიცებოდა და რა თქმა უნდა, არ იცოდა რომ ცხოვრებაში მილიონი ტკივილია ჩვენი გაბუტვების გარდა. ანდრეა იყო ჩემი ღიმილი, როცა მიჭირდა და საათობით ვეყუდებოდი ფანჯარაში ცარიელი სახით. მექაჩებოდა ხოლმე პატარა ხელებით და ვირბინოთო, მეუბნებოდა. მაგ პერიოდში ახალი წითელქუდაც დავწერეთ, ოღონდ არ მოგიყვებით, რადგან ჩვენია.

ახლა ჩემი ძმა სუნთქვის ტოლფასია. ყოველ დილით მაღვიძებს და გცივაო, მეკითხება. მე სულელივით ვიღიმი და ვეხუტები, მერე ძილის შებრუნების მცდელობაში, ვგრძნობ, როგორ მისწორებს საბანს და ცხვირზე მკოცნის. ეს ის ბიჭია, ყველაზე მეტად რომ ადარდებს ჩემი დარდი. ეს ის ბიჭია, რომ ვუმტკიცებ წიგნში ცხენი კი არა, მარტორქა ხატია-მეთქი. და ისიც, გამოცდების დროს გაბუსხული რომ მიზის ხოლმე საწერ მაგიდასთან და თუ მეთამაშები, მე ჩავაბარებ შენს გამოცდებსო, მეფიცება. ანდრეა ის ბიჭია, ,,გულში-სულში მიყვარხარო” რომ მიმეორებს. და მითხარით, მის სიყვარულზე მეტი რა მაქვს.

received_1049163801790952ისევ 29 იანვარია, ღიმილის გაჩენის დღე. მინდა, მჯეროდეს, რომ წლების მერე სახლში მოსულს შემხვდება ანდრეა, ,,დამაბზრიალეო” მომაძახებს, სამამდე დათვლას დაელოდება და ოთახის ბოლოდან გამოიქცევა და მეც დაღლილობის მიუხედავად მივიღებ მას და მივეხუტები ყოველ ჯერზე უფრო მეტად. მინდა, მჯეროდეს, რომ წლების მერეც დღევანდელივით გამეღვიძება შუაღამისას და სიცილს დავიწყებ მხოლოდ იმიტომ, რომ ანდრეას მყავს.

ჩვენ ერთად წავიკითხავთ ,,პატარა პრინცს” და ვისწავლით რომ ,,ვალდებული ხარ იზრუნო იმაზე, ვინც მოიშინაურე” და ვიზრუნებთ, პირველ რიგში, ერთმანეთზე.

ეს ამბავი კი უბრალოდ არ დასრულდება, რადგან ღიმილისაა.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s