Where did I sleep last night?

,,I go where the cold wind blows.”

წასვლის მიზეზად გეუბნები, რომ ვერავითარ შემთხვევაში ვერ გამიძლებ და გტოვებ ყოველ დილით. წარმომიდგენია შენი სახე, რადგან არასდროს ვიხედები უკან და ყოველთვის, როცა შენი ნაკვთების აღდგენას ვცდილობ, ერთადერთი რაც მახსენდება შენი სუნია. შენ მუდამ გეღიმება ჩემს მიზეზებზე და უკან წერტილის მრავალმნიშვნელობას მაყოლებ. ასე ვმთავრდებით ყოველ დილით სიზმრების მერე. 12575854_1212080358821583_1339666098_n

ქარის სიხშირესავით ქალებზე გიყვები ხოლმე. მათ ახსოვთ, როგორ გადაიცქვლიფეს მუხლები 17 წლის წინ სოფლის ორღობეში. ისიც ახსოვთ, ბებიას რომ გაეპარნენ ტყეში და სჯეროდათ, სახლში დაბრუნებისას შიშისგან გაფითრებული დედა დახვდებოდათ. მათ არ ხვდებოდნენ დედები, არც სკოლაში აცილებდნენ, არც ჩაის უცხელებდნენ ყოველ დილით და არც საღამოობით უმღეროდნენ ტკბილ ამბებზე. მათ ახსოვთ დედები, ოღონდ ისინი ,,შორები” არიან, ხელის გაწვდენით რომ ვერ მიიკრავ გულზე და დარჩენას ვერ სთხოვ. მათ ასეთი დედები ახსოვთ. ქარის სიხშირესავით ქალები არ ყვებიან თავიანთ ამბებს, თვალებში ილაგებენ ყველა ჩამონგრევას და დააქვთ ნამსხვრევები ყველა ქუჩაზე, საითაც გული გაუწევთ. ასეთი ქალები არ იხსენებენ პირველ სიყვარულს, რადგან პირველი სიყვარული მათთვის წარსულიდან კისრისტეხვით გამოქცევის ამბავია და წყალს უნდა გაატანონ ჩურჩულით. ქარის სიხშირესავით ქალები უბრალოდ არიან  და ყოველ ღამით ხელახლა სწავლობენ თავიანთ დემონებთან ერთად ცხოვრებას. მათ დავიწყების ეშინიათ, რადგან დავიწყება გაქრობას ნიშნავს. ნეტავ როგორები იქნებოდნენ ასეთი ქალები, რომ არ ახსოვდეთ, რა ეცვათ, როცა პირველად შეხვდნენ გამთენიას ან რამდენი ღერი დასჭირდათ ბოლო დარდის ნაფაზებისთვის გასაყოლებლად; რომ არ ახსოვდეთ, როგორი ხმა ჰქონდა მათ პირველ მეგობარს ან როგორი ფერის ბაფთა ეკეთა; ნეტავ, რა იქნებოდა, რომ არ არსებობდნენ ასეთი ქალები – არაფრისდამვიწყებლები. სხეულის მაგივრად მოგონებების თაროებით და ამბებით, რომლებიც არ მოხდნენ. ნეტავ, როგორები იქნებოდნენ ისინი, წამის მეასედში რომ არ ეცვლებოდეთ ხასიათი და მიმიკების ცვლილების წყალობითაც ასე არ ეჭმუხნებოდეთ წარბები. ნეტავ, რა მეცოდინებოდა მათზე, ყოველ ღამით რომ არ მესიზმრებოდნენ და არ გიყვებოდე.

tumblr_nj299aKYQl1sl7mg1o1_500

არაფერი მახსოვს ხოლმე სიზმრების მერე. ყოველ დილით ვიჯერებ, რომ ეს ჩემი სახლია და აქ არ უნდა იყო. ვიჯერებ, რომ ვერგაძლებადი ვარ და ვივიწყებ შეგრძნებას – უცხო სახლში გაღვიძების. ვივიწყებ შენს ბრაზს და კითხვებს, რომლებზეც არ ვპასუხობთ ხოლმე.

,,My girl, where did you sleep last night?”
,,ჩვეულებრივ”  – რა შუაშია?! შესაძლოა, არც არაფერი იყოს ერთმანეთთან შუაში, მაგრამ თუ ვინმეს არ აწუხებს კითხვა ,,როგორ ვარ”, მე მაწუხებს პასუხი და მინდა, წარმოიდგინო, როგორია ჩემი ჩვეულება, რომელიც არ მაქვს.

გუშინ ღამით ქარის სიხშირესთან მეძინა. მერე მთელი დილა ვაჯერებდი საკუთარ თავს, რომ დავიწყების არ უნდა მჯეროდეს და წარსულში ვიქექებოდი. ვერ გაგიხსენე. ვერ გავიხსენე, როგორ იღიმი და როგორი მიშვებ ხოლმე. ვერ გავიხსენე ბოლო მიზეზი, ვერც ის რომელი იყო მათ შორის ყველაზე სასაცილო, ვერც ის, რატომ მივდივარ შენგან ყოველდღე. მაგრამ მახსოვდა, რომ ჩვენი ერთადერთი პასუხი მრავალმნიშვნელობაა.

სხეული ისევ დავხუჭე.
მითხარი, სად მეძინა გუშინ ღამით, თუ სახლი შენ არ ხარ.

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s