365 დღე ანუ სხვა ტალღა

,,ერთი ვინმე მაინც მანახე,
ვინც უბრალოდ დაგიჯერა და
შუა გზაზე არ მიატოვე.”

ყოველთვის, როცა ვერაფერი მაქვს სათქმელი და თვალები შუშად მექცევა, გადავეყუდები-ხოლმე ფანჯარაში და ვითვლი ჩემს ქუჩაზე მოსიარულე მანქანებს. მანქანებს არ აქვთ დარდი და იმიტომ, თორემ ადამიანების თვლა რომ გადამექცეს ერთ დღესაც ჩვევად, ალბათ მათი ემოციების ტალღების ამოკითხვა მომინდებოდა და ფანჯარაში დგომასაც გადაშვებას ვამჯობინებდი. ახლაც უარაფრობა-სენშეჩენილი მეოთხე წითელ მანქანას ვაყოლებ თვალს და ვფიქრობ, როგორ მოვყვე ჩვენი 365 დღე, ანუ ყოველი ტალღა, რომელიც სულ სხვა სიხშირედ გადაიქცა.

დასაწყისი უნდა გახსოვდეს, დასაწყისი ყველას ახსოვს, ისევე როგორც დასასრული. ადამიანები მხოლოდ მძიმეების შესახებ წერენ.

წინა წლის ამ დღეს შევეჩეხეთ ერთმანეთისთვის უკვე ზედმეტად ნაცნობები და მრავალმნიშვნელოვნები. ნაცრისფერი ამინდი იყო და ზღვრების დღე. ,,ნაცნობი კაფე და პრინციპში, არ ვიცი, რა დროა, ჩვენს შორის მოთავსდა პატარა უბრალო მაგიდა” და მერე არ მოგიყვები, რადგან ეს ერთადერთი ლექსია, რომელსაც ჯერ არ აგიხდენ. ვისხედით და ერთმანეთს ვეკითხებოდით ,,მერამდენე ღერი?” ნაფაზებს თან მიჰქონდათ ასეთი ამბების ხრჩობის, გულისრევების და ტირილების მომენტები, ჰოდა ასე მარტივად გამოვტოვეთ შეგრძნებები. გვჯეროდა რომ ორიოდე საათში გავიზრდებოდით, გამოვფხიზლდებოდით და ყველაფერი ისევ თავის ადგილს დაუბრუნდებოდა, მაგრამ ჯანდაბაში დამარხული ემოციები თუ გაცოცხლდნენ, მათი დალაგების არ უნდა გჯეროდეს. სამაგიეროდ, უნდა გვჯეროდეს მარადად დაბრუნების. უნდა გვჯეროდეს, რომ ხვალინდელ დღეებს ადამიანები მიჰყავთ ერთმანეთთან, ხვალინდელ დღეებს საკუთარი თავებიც ეყოფათ მარტოდ დარჩენილები და გვაბრუნებენ ცხოვრებაჩალაგებულს. ჩემოდნებივით უკან მოხრიგინებენ ჩვენი ამბები და ვერ ხვდებიან, უღირთ თუ არა დაბრუნება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მმართველები მე ან შენ ვართ.

tumblr_ntalrxeVWV1sl7mg1o1_540

წინა წლის ამ დღეს ჩვენ, ორივემ, უარი ვთქვით, ვყოფილიყავით მმართველები, დაგვენანა პირობებიც და თხოვნებიც და დავრჩით უსიტყვოდ. მერე მე ვერაფრისმთქმელი გავხდი და საკუთარ თავს სურვილებისგან გაქცევაში გაკვეთილების ჩატარება დავუწყე. სასაცილო იყო. საკუთარი თავისგან რომ ვერაფერს სწავლობ, ეს შეიძლება წერტილი იყოს-მეთქი, გავიფიქრე და შემაშინა წერტილმა. მომდევნო ტალღის ძებნა დავიწყე.

დაგვიდგა სუსხი, თებერვლის. ჩამრჩა შენი ხელები და სიმშვიდის ახალი ფორმულა გამოვიგონე: ღიმილი, თითები და მე-მიწამდე დახრილი თვალებით. ბევრჯერ მოვიდა მერე ასეთი მომენტი, მაგრამ თურმე ფორიაქში ამრევია.

და ეს ფორიაქები, ფორიაქები, ფორიაქები – ემოციები რომ ქაოსად გექცევიან.
და ტალღები, ტალღები, ტალღები – უმოწყალოდ რომ მეჯახებიან.
და პირობები – აუსრულებელი პირობები, რომლებიც დანაშაულია.

ამიტომაც დავშრი, როგორც შრებიან მდინარეები, უბრალოდ აღარ დავრჩი, შენს გაქრობებს გავყევი, შენს მობრუნებებს ვერ გამოვყევი უკან, ცივ ქვეყნებში დავრჩი და გავიყინე. ის დღე დამიდგა, გათენებას რომ აღარ აპირებდა და შემეშინდა ისე ძალიან, საკუთარ მეს გამოვექეცი. მოვრბოდი ცხოვრებაში, ცხოვრებისგან და მოვრბოდი იქამდე, სანამ გული ყელში არ ამომებჯინა.მოვრბოდი იქამდე სანამ ფეხებმა მტვრევა არ იგრძნეს და მოსულს არავინ და არაფერი დამხვდა გაჩერების გარდა.

მერე ნელ-ნელა დაიძრნენ ამბები, დაიძრნენ ადამიანები და დაიძრა შენი ეგოიზმი.
,,შენ გჯერა რომ მალე გამითენდება მშვიდი დღე?” -არ მიპასუხე.
,,მიმიხვდები, როცა პირველად ჩავისახლებ თვალებში სიცარიელეს?” – არ მიპასუხე.
,,იცი, როგორია, უბრალოდ გისმენდე?” – რა თქმა უნდა, არ მიპასუხე და გამოეკერნენ ჩემი კითხვები სივრცეს.

FB_IMG_1446240782988

სხვა ადამიანების წასვლებთან ერთად, ისევ გამომეცალე შენც. მერე ზღვის ფორიაქი ჩამოვიტანე და თავად მოვედი.
,,მე როგორც ყოველთვის ვუკვეთავ ჟასმინის ჩაის და…” პასუხად მესმის, რომ საკმარისად ვერ შემიყვარე. სასაცილოა, გეფიცები, სასაცილოა. მოვისროლოთ ყველანაირი ირონია შორს და მთელი ეს ამბავი ერთი დიდი ირონია გამოვა.

ერთი პასუხი და მეასე გაქრობა.

ამბები სად წყდება? რომელი მძიმე იქცევა-ხოლმე წერტილად? ალბათ, ის, რომელიც გვემსუბუქება.

***

ყველა წერს ყველა სიხშირეს, ყველას აქვს თავისი მძიმეები ცხოვრებაში, ყველასთან მოდის 365-ე დღე, მაგრამ ავიწყდებათ. ერთი წლის წინ მოხვედი – მტვრევით, შენი ამბით და მე ჩემით დაგხვდი. ასე ეწყობა დროებითობა – ასე ეჯახებიან ტალღები ერთმანეთს, ასე იქცევა სიხშირეები სტიქიად და მერე ადამიანები ვერ ვდგებით-ხოლმე ჯებირებად. ჩვენც სტიქიად ვიქეცით.

სხვა ტალღა

366-ე დღეს სხვა ტალღის სიხშირედ მოვალ და მოგიყვები , როგორი იყო 365 ცხოვრება.

შენ გაგეღიმება და მეტი არაფერი. ასეთი ხარ.

ადამიანები სტიქიასავით რომ მოვარდებიან , ნეტავ სად მიდიან ხოლმე?

ოდესმე ვინმე გვიპასუხებს.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s