ნიღბობანა ანუ ერთადერთი ჩანაწერი მამაზე

 

,,აი, ეს ხეა მამაჩემი.
გაგიკვირდა?
მუხას ელოდი?
არა, ეს ხეა მამაჩემი,
ეს ტანწვრილი
და არც ისე ხანდაზმული,
რომელსაც ფხიზლად ძინავს ზამთარში
და გაზაფხულზე პირველივე სითბო აღვიძებს.
ის არ ჩრდილავს ნახევარ ეზოს,
არ აბნელებს დანარჩენ ხეებს,
მისი ჩრდილი მსუბუქია და თვინიერი –
მას შემოდგომის სუსტი მზეც კი
სულ ადვილად ატრიალებს ღერძის გარშემო,
ხოლო ზაფხულში, როცა ჩვენკენ უზომოდ ცხელა,
მისი ჩრდილი, მეტს თუ არა, ხუთ-ექვს ჩვენგანს ნამდვილად იტევს
და ჩვენ ეს გვყოფნის. მეტი არც ვართ.
მეტი არც გვინდა.”
ზვიად რატიანი

 

გამარჯობა , მე ლიკა ვარ , 20 წლის. ჰო , ის გოგო , მუდმივად რომ იღიმის, ხელებით საუბარი რომ უყვარს და ამბების გემრიელად მოყოლა.

ალბათ, სულ თავიდან უნდა დავიწყო, ანუ იქიდან როცა ჯერ კიდევ არ ვიცოდი , რა იყო ნიღაბი, მაგრამ ეს უკანასკნელი შემომაჩეჩეს.  ვცხოვრობდით მე , დედა , მამა და ქაოსი , ჩვენზე მეტი მაინც ქაოსი იყო და წამლების სუნი. არ მახსოვს , რამდენი წლის ვიყავი , სამაგიეროდ მახსოვს , რომ ყოველ მეორე დღეს მივდიოდით პალატებში , სადაც თეთრხალათიანი ადამიანები გვხვდებოდნენ და მამაჩემს ბევრ რამეს ტკენდნენ. მთელი ბავშვობა სისხლი და წამლები იყვნენ ჩემი მეგობრები და კიდევ ისეთი ნიღაბი , ძალიან რომ გეშინია ნემსების, მაგრამ გგონია, მამასაც შეეშინდება და ამიტომ სახეს მთელი ძალით ჭიმავ, რომ ცრემლები არ წამოგივიდეს. იცით? ექიმებს სჯეროდათ რომ მე ძალიან მაგარი გოგო ვიყავი და არაფრის მეშინოდა. ისინი მართლები იყვნენ , მე მართლა არაფრის მეშინოდა, მამის დაკარგვის გარდა.

მერე გავიზარდესავით, იმდენად მაინც, სახლში მარტო დასატოვებლად გასამეტებელი რომ გავხდი. ჰოდა, დავიწყეთ ერთად ცხოვრება მე , წიგნებმა და სიბნელის  შიშმა. ოთხჯერ წავიკითხე კრაპივინის ,,იქ, სადაც ქარი ქრის“ და ძალიან მომინდა, მქონოდა ფრანი , მაგრამ დედას არ ვუთხარი. და მაშინ პირველად ვიპოვნე საჭირო დროს ღიმილის ნიღაბი. რამეს რომ ვთხოვდი , მეხუტებოდა ხოლმე დედა, მერე ოთახში იმალებოდა და ცოტა ხნის შემდეგ ისეთი თვალებით ბრუნდებოდა ჩემთან, ყველა კაპილარი ეტყობოდა. მე ძალიან არ მიყვარდა მისი ცრემლები , ამიტომაც არაფერს ვთხოვდი. არც ოქროს თევზზე ოცნების შესახებ მომიყოლია მისთვის და არც იმ უცნაურ თოჯინაზე, თავისით რომ მღეროდა. მივეჩვიე სიბნელეს, მაგრამ წამლების სუნს – ვერ. მამას ექიმები ხშირად მკითხულობდნენ ხოლმე , თეთრ კედლებში მისვლისთანავე ლოყებზე მეთამაშებოდნენ და მეუბნებოდნენ ,,მამას დავიტოვებთო“. მერე მთელი ღამეები ვფიქრობდი იმაზე, თუ რატომ უნდა დაეტოვებინათ მამა იმ ცივად განათებულ ადგილას.

და იქნებ, მართლა გავიზარდე. იმ ზამთარს ძალიან ციოდა, ტრამვაი აივლიდა და ჩამოივლიდა ჩემი სკოლის წინა ქუჩაზე. ტრამვაით მგზავრობა 15 თეთრი ღირდა მგონი , მაგრამ ისე მებევრებოდა, გეგონება, მილიონს მთხოვდნენ. თხლად მეცვა , რა მნიშვნელობა აქვს, რატომ, უბრალოდ ასე იყო. ყველა მხრიდან ჩემი კლასელების დაცინვა ჩამესმოდა, ჰოდა ვმგზავრობდით სახლიდან სკოლამდე და სკოლიდან სახლამდე მე და ჩემი ბრაზი. არ გვიყვარდა მე და ბრაზს ერთმანეთი, მაგრამ შევხვდით ერთმანეთს და ვეღარც დავშორდით. და სწორედ მაშინ გამოვძებნე სიმშვიდის ნიღაბი.
დედას საერთოდ ვეღარ ვხედავდი , მამას მაგივრად კი მის ხელებზე შემოხვეულ თეთრ სახვევებს ვამჩნევდი და სულ ვკანკალებდი , როცა მათი მოხსნისთვის დასახმარებლად მეძახდა ხოლმე. აი , ცოტაც და ეტკინება-მეთქი , გავიფიქრებდი, მაგრამ არც ისე ხშირად სტკიოდა მამას. ყოველშემთხვევაში, მე არასდროს მეუბნებოდა.

მერე იყო ზღვარი , დაახლოებით ისეთი ამბავი , თავის დასამკვიდრებლად რამე რომ გჭირდება და ვერავინ გეხმარება ამ რაღაცის პოვნაში. მაშინ ჩემი პირველი ლექსი დავწერე იმ ლამაზ დღიურში დაბადების დღეზე რომ მაჩუქეს და თვალისჩინივით რომ ვუფრთხილდებოდი. ჯერ ისევ მოოთხკუთხედო ასოებს ვწერდი, მაგრამ მაინც არ მეზარებოდა ფურცლების გავსება. დედა კითხულობდა ჩემს ნაბოდიალებს და მგონი მხოლოდ ამ მომენტებში ეღიმებოდა. აღმოვაჩინე, კმაყოფილების ნიღაბი; გადავწყვიტე , დედა ბევრჯერ გამეღიმებინა და ბევრი ლექსი დავუწერე. მამაზე არასდროს ვწერდი, იქამდე სანამ თვალწინ არ გააქან-გამოაქანეს გორგოლაჭებიან საწოლზე მწოლიარე და ,,კლინიკურია“-ს ყვირილიც არ დაიწყეს. იმ წელს პირველად დავენარცხე საავადმყოფოს იატაკზე და იქამდე ვერ ავდექი , სანამ მამა გარეთ არ გამოიყვანეს. გული დამწყდა, რომ ყველა ლექსს ვუმალავდი.

101
Photo: Irving Penn

ზღვარს აქეთ გადმოვედით. ამჯერად ვცხოვრობდით მე ,დედა , მამა და სტუმრად მოვიდა ბევრი დარდი. ეს იყო პირველი დარდი ერთმანეთის და არა რომელიმე ამბის, რომელიც ჩვენს თავს ხდებოდა. ვდარდობდით ყველა , ოღონდ ცალ-ცალკე. ვიწყებდით დარდს ამინდიდან და ვასრულებდით რომელიმე ჩვენგანის ტკივილით. ეს იყო დღეები, როცა გადამიყვარდა სარკეში ყურება, ემოციების სიღრმიდან ბედნიერება ამოვიღე და ზედმიწევნით გადავიკარი სახეზე. მაშინ ღიმილიანი ლიკა გავხდი.

სიმშვიდის იმედი მოვიდა- პალატებში ბოლო გაქანების, ბოლო ნემსების , ბოლო ხელსახვევების.  იმედი გამართლდა, მხოლოდ ბოლო ხელსახვევის. არადა მკვდარი იყო მას შემდეგ , რაც სახლში სისხლისფრად შეღებილი შნურები და სადაზღვევო საბუთების მთელი გროვა დამხვდა. მაშინ სიძლიერის ნიღაბი შევქმენი , ყველაზე უფრო დიდი მონდომებით და მყარად. გავხდი ძლიერი შვილი , მარტოდ ყოფნის ტირილების გარდა. სიმშვიდე ისე გაქრა, არც კი მოსულა.

შემოვრჩით ერთმანეთს მე , დედა , მამა და სახლის სიცარიელე, ეს უკანასკნელი მეფობდა. ჩემი ღამეები იყო კოშმარი სიზმრების გარეშე. იცით, როგორი შეგრძნებაა, შუაღამით რომ გეღვიძება, ფეხაკრეფით გადიხარ მამის ოთახში და მის სუნთქვას აყურადებ იქამდე, სანამ დარწმუნდები , რომ სტაბილურია. და ასე ყოველ ღამეს, ღამეში ვინ იცის რამდენჯერ. საერთოდაც, სტაბილურობა ისეთი საზიზღარი სიტყვაა – ცივი , არც აქეთაა და არც იქით, გჭედავს. სიცარიელე სტუმრად დიდხანს დარჩა, მას ადამიანის დაკარგვის შიშიც შემოუსახლდა და დავრჩით სახლში ჩვენ და ემოციები.

***

მე ლიკა ვარ, 20 წლის , ჰო , ზუსტად ის გოგო , მუდმივად რომ იღიმის. არ მიყვარს ნიღბები , ყველაზე მეტად მამძიმებს, მაგრამ არც საკუთარი დარდი მიყვარს. მართლა არ ვიცი , რამდენის ვიყავი , ცხოვრებამ პირველი ნიღაბი რომ შემომაჩეჩა ხელებში. მერე ეს ყველაფერი უბრალო თამაშად გადაიქცა, ზუსტად ისეთად, როგორც თოჯინებით ან მანქანებით თამაშია. ყველაზე ხშირად ექიმობანას და სახლობანას ვთამაშობდი, მაინტერესებდა სად იკვეთებოდნენ ისინი. მერე გავიზარდე და მივხვდი , რომ თამაშები კი არა ამბები კვეთენ ერთმანეთს და კვეთის წერტილები ის ნიღბებია, რომლებსაც ნებით თუ უნებლიედ ყველა ვირგებთ.

აღარ ვითამაშოთ ნიღბობანა!

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s