მერვე სიცოცხლის ამბავი

ჯერ ისევ იასამნების სუნი იდგა ქუჩებში. ყოველ ფეხის ნაბიჯზე ყიდიდნენ ჩემს წილ იასამნებს და ვერცერთხელ გავბედე , მეყიდა ის , რაც ყველაზე მეტად მიყვარდა.

ჯერ ისევ გაზაფხულის ფორიაქი მქონდა აკიდებული და ჩემს მომდევნო სიცოცხლეს ვეთამაშებოდი.  ეს იყო სტიქია, რომელსაც ჯებირად ვერ დავუდექი. სამაგიეროდ , თავზე გვირილების გვირგვინი მედგა და ჩამოსაყრდნობი მხარიც მქონდა. მერვე სიცოცხლე ზღაპარი იყო – კითხვებისა და პასუხების გარეშე.

***
გამთენიისას გამომეღვიძა შეგრძნებით, რომ ციოდა , მერე გამიჯდა სიუცხოვეც და ოთახში მერვე სიცოცხლის სუნი. ასე გამეჟღინთა მომდევნო დილა მისით.
,,იქნებ ბოლო წამოსვლაა” – მტვრევით წამოვდექი, ფანჯარაში საკუთარი თავის ლანდს გავექეცი და კარები მთელი ძალით მოვიჯახუნე. უსახელოა ჩემი სიცოცხლე და მაინც , მე ვიცი, როდის უხშირდება და უმძიმდება სუნთქვა, ისიც ვიცი წუთში რამდენჯერ უცემს გული ჩემი გულის ქვეშ და ისიც, რომ ეს ყველაფერი რისკია. ჭრილობასავით მტკივა ხელებზე მისი კოცნა – ასე მგონია, სულ უნდა ვგრძნობდე, სულ უნდა მახსოვდეს და საშინლად არ მომწონს ის ფაქტი, რომ ცხოვრების ბოლომდე რამე მაინც სიმძიმედ გამყვება.

,,არა.” – ვუმეორებ ჩემს თავს, მას – ვერ. ვცდილობ თვალები არ გავახილო. სარკესთან ვდგავარ , ჩემს ლავიწზე გადაჯვარედინებული ხელებით უკან მიდგას მერვე სიცოცხლე. როგორც ყოველთვის, ეღიმება.

,,შეგვხედე” – მეუბნება და თვალებით მანიშნებს ჩვენ ორზე; არადა,  მაშინებს ჩვენ ორის ყურება. მაშინებს ისიც, რომ თვალები გავახილე და ისიც, რომ სიზმარში არ ვარ. ეს კადრი არ უნდა დავიმახსოვრო. მომენტალურად ვაქცევ სარკეს ზურგს და ვეშვები, კისერზე ვიწყობ ხელებს და თვალებს მთელი ძალით ვხუჭავ. მჯერა, რომ გავახელ , აქ აღარ ვიქნები – უცხო სახლში , უცხო მე-სთან და სხვასთან. და მაინც, ზოგჯერ ყველაფერი ისე არაა, როგორც გვჯერა.

,,საით გადავეშვები?” – დაბნეული ვეკითხები სიცოცხლეს. სხეული არცერთ მხარეს არ მიშვებს, არც ის – მერვე. დროებითობაში გავიჭედე. არაფერია რისკისა და სიუცხოვის გარდა. საერთოდ არ მეცნობა ის გოგო, ჩემს ტანსაცმელში გამოწყობილი, ჩემსავით დახვეული თმებითა და მაკიაჟით რომ იწონებს თავს; არც ის ვიღაც მეცნობა , ამ გოგოს რომ ზღაპრებს უყვება და ისეთი თავდაჯერებულობით იცვლის მიმიკებს, სადაცაა შექებას დაიმსახურებს. ეს სახლიც არ მომწონს, ცივა, მტვრის სუნი დგას იასამნების ნაცვლად და უხერხული სიჩუმე.

***
,,აღარასდროს მაკოცო თვალებში!” – ვკარგავ მერვე სიცოცხლეს, რადგან ჩვენს წამწამებს შორის არასდროს იქნება ხიდი და იმიტომაც , რომ ვერ იქნება საკმარისი. ისე მშვიდად ვკარგავ, თითქოს არც უნდა ყოფილიყო.

აღარაა იასამნების სუნი ქუჩაში – ალბათ, მიხვდნენ, რომ არავინ იყიდის იმას, რაც უყვარს.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s