ჟანგისფერი დღეები

სხვენის პატარა ოთახი, რომლის ერთადერთი ფანჯრიდან ძალიან კარგად ჩანს ჟანგისფერი დღეებისა და ზამთრის გზაჯვარედინი.
ცხოვრობენ ორნი:
ისე – ჩვეულებრივი კაცი , რომელიც გრძნობს ყველაფერს და ხედავს ვერაფერს.
ემილი – ისეს ცოლი , უსინათლო და სულსავსე.
სამწუხაროდ, მათთვის ვაუჩერი არ მოუტანია სოციალურ მუშაკს და არც სხვენში ატანილ საარჩევნო ყუთში ჩაგდებულ სულ სხვა არჩევანს შეუცვლია რამე უკეთესობისკენ.
. . .
კარი გამაღიზიანებელი ჭრაჭუნით იღება და სახედამჭკნარი, თვალებდახუჭული ისე ხელების ცეცებით მიუყვება აგურებამდე ჩაფხეკილ, ნესტიან კედლებს – ნეკა თითი, არათითი, შუა, საჩვენებელი და ბოლოს ცერა თითი, მერე – პირიქით. ამმდენი წლის შემდეგაც მამაკაცმა უნებლიედ წამოჰკრა ფეხი რაღაც მყარს. ძველისძველი მაგიდის ზედაპირზე დაგროვილი მტვერი წამის მეასედში გაიფანტა ჰაერში. ისემ იგრძნო მტვრის გემო, ჩაახველა და ისევ მოთმინებით გაუყვა კედლებს.
. . .
ოთახის კუთხეში უკვე დაჟანგებულ საწოლზე ემოციით დაღლილი ემილი წევს, ისეს მოსვლისთანავე ნელ-ნელა დგება, ამზადებს ჟასმინის ჩაის , (რომლის სურნელიც უკვე ყველა ნივთში გამჯდარა) და არასდროს ავიწყდება, იკითხოს:
-როგორაა ფიფი ? – ფიფი მრგვალი აკვარიუმის მკვიდრი მელნისფერი თევზია, რომელიც (ბედის ირონიით) სულაც არ ასრულებს სურვილებს. ისემ ჯერ ვერ უყიდა ემილის საოცნებო ფიფი, რეალურად , არც იცის , არსებობს თუ არა ის. იქნებ ზოომაღაზიის გამყიდველი ატყუებს მას და საოცნებო თევზიც დიდი ხანია წაიყვანა ვინმე უცნობმა ?! ისეს გონებაში არ არის ამ უკანასკნელი
კითხვის პასუხი , სამაგიეროდ იცის, რა უნდა უპასუხოს ცოლს :
-ის კარგადაა. – მერე ჩაიც მზადდება და ისე თითებით უსინჯავს ემილის ღიმილისგან ჩაჩვრეტილ ლოყებს. როცა რწმუნდება, რომ ღიმილი მათ ცხოვრებაში ,,გადარჩენილია”, მშვიდდება და დროისგან გაჩენილი, აშლილი ნაოჭებიც თავიანთ ადგილს უბრუნდებიან.
. . .
ცხოვრობენ ასე (ერთმანეთით). ყოველთვის, როცა ვინ იცის მერამდენე დღე დგება და გავარვარებული ბურთი ღრუბლებიდან დაუზარებლად ცურდება , მათი სხვენის ფანჯარა ღიაა და ქუჩაში წლების წინანდელი წლები დარბიან.
მზე დიდია, ძალიან დიდი, ვეებერთელა და როცა ეს უზარმაზარი რაღაც სულშიშველთა ოჯახის სხვენში შემოეტევა ხოლმე, ისე და ემილი უღიმიან მადლობის ნიშნად და მათ თვალებში ბევრი სხვა მზე ანთია.
. . .
რომელიღაც წელი – არაფერი შეცვლილა.
დღეს ისემ ყულაბა გატეხა და ფიფი მოიყვანა სახლში.
ახლა ისინი თავიანთ ღმერთს ერთად ელოდებიან .

2013.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s