Simply.

ყოველდღე ან დღეში რამდენჯერმე შენ იდექი ჩემს წინ და როცა ამინდზე საუბარს დავიწყებდით , მე გპასუხობდი სრული გადახვევით: ,,სიყვარული არ არსებობს!” .ამ ფრაზის თქმის შემდეგ შენი თვალები უკვე ჩვევად გადაქცეულ უემოციობას სადღაც ჯანდაბაში მიჰქონდა და ვნებასაც უემოციოდ , ჯაჭვივით მახვევდი კისერზე.

ყოველდღე ან დღეში რამდენჯერმე მე ვთანხმდებოდი შენთან შეხვედრას, რადგან ერთადერთი  იყავი, რომელიც არასდროს მკითხავდა, რას გულისხმობდა ჩემი არეული გამოხედვა. ყოველდღე მე ვაუქმებდი ყველა სხვა შეხვედრას და მოვდიოდი უმისამართოდ – რომელიმე სარდაფის არც ისე ძვირიან ბარში, რომელშიც იქნებოდა სიმშვიდის სუნი. ჩვეულებისამებრ, დიდხანს ვისხდებოდით მშვიდად, შენ მოუკიდებდი მერამდენე ღერს; მე კი, როცა ხელებს ჟასმინის ჩაის ჭიქაზე გავითბობდი , ჩავწნიდი ჩემს თითებს შენს სიგარეტის სუნით გაჟღენთილ თითებში და ვიგრძნობდი შეჩვევის გემოს.

ყოველდღე ან დღეში რამდენჯერმე  ჩვენ ვისაუბრებდით ყველაფერზე. მეტყოდი , რა იგრძენი , როცა შენი საყვარელი წიგნის მთავარი პერსონაჟი ასე უეცრად მოკლეს. მეტყოდი , რომ კარგი შეგრძნებები იმისთვის შექმნეს, რომ მერე გვენატრებოდეს. მეტყოდი , როგორია, როცა იქამდე გარბიხარ, სანამ გული ამოვარდნას დაიწყებს. მეტყოდი , თუ ინგრევი, ბედნიერი უნდა იყო , ანუ  ჯერ ისევ ხარო. მე გაგიღიმებდი და თვალებს ციმციმა წერტილებით ავივსებდი.

ყოველდღე, ბოლო დროს დღეში რამდენჯერმეც შენ ცხვირშეჭმუხნილი იხსენებდი , როგორ გაღიზიანებდა გაცნობისას ჩემი თმის გაურკვეველი ფერი, მერე კი ბრაზობდი ყველაფერზე, რაც მცვლიდა და პასუხად ჩემი გაუჩერებელი სიცილი ხასიათს გირევდა. მერე მე თითებით გისწორებდი შეკრულ წარბებს და შენ , როგორც ყოველთვის, გეღიმებოდა.

ყოველდღე ჩვენ ვხვდებოდით ერთმანეთს.

მე გეუბნებოდი ,,სიყვარული არ არსებობს!” მპასუხობდი  ,,დედამიწაც არ ბრუნავს!”. ჩვენ, ორივეს, თვალები რაღაც უცნაური შეგრძნებით გვევსებოდა და ზუსტად ვიცოდით, რომ ყველაფერი იყო ასე – უბრალოდ.

ყოველდღე შენ იდექი ჩემს წინ და მე არ მბეზრდებოდა, მეთქვა, რომ ერთ დღეს, როცა ჩემი ცხოვრების ყველა მძიმე ჩაივლიდა, სადღაც მექნებოდა სახლი ჭერამდე ფანჯრებით,  სადაც არ იქნებოდა ავეჯი და იქნებოდა სიმშვიდის სუნი.

დედამიწის რომელიმე წერტილში , ალბათ, წვიმდა. ჩვენ კი ისევ ვისხედით თბილისის სარდაფებში თითო ნათურით განათებულ მაგიდებთან და არასდროს ვეკითხებოდით ერთმანეთს, რას ნიშნავდა მორიგი ,,უბრალოდ“.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s