დაბრუნება

კიდევ დიდხანს შემიძლია ვიჯდე ასე (გაქვავებული) იმ ოთახში, სადაც მხოლოდ ჩემი სუნთქვის ხმა, ჩემი სხეულის სუნი და ჩემი წილი ფორიაქია.

კიდევ დიდხანს შემიძლია თვალებდახუჭულმა ვატრიალო ყავის ცარიელი ჭიქა და ვერაფრით გავიხსენო, რა დავწერე ბოლოს.

2 წლის წინ , როცა ჩემგან ფეხაკრეფით წავიდნენ და მე ერთი სიტყვაც ვერ ვიპოვე საკუთარი ტკივილის გამოსახატავად, ვიფიქრე, რომ ვეღარასდროს დავწერდი. მაშინ არ ვიცოდი, რომ ჩემი ცხოვრება მძიმეების ომი იყო და უწერტილობა ეწერა. მაგრამ მერე იმდენი მძიმე იყო – ზოგი ამოსუნთქვის გარეშე გავატარე, ზოგზე სუნთქვა არ მეყო, რამდენიმე კი ისეთი აღმოჩნდა, მათ გადასატანად მთელი ქალაქის ჰაერი რომ უნდა დააგროვო და ისე იბრძოლო.

დღეს აღმოვაჩინე , რომ საერთოდ აღარ ვიღიმი , აღარ ვარ და სარკეშიც კი ვეღარ ვცნობ გოგოს, რომელიც ოდესღაც რთულად დასავიწყებელი, ემოციის ზღვა იყო. ვერ ვხვდები სარკეზე გავბრაზდე თუ იმ მეორეზე , იქიდან რომ იყურება ცარიელი თვალებით.
ამით იმის თქმა მინდოდა, რომ დღეს უკვე ცარიელი თვალები მაქვს.

სულ თან დამყვება სურვილი , ვიარო. ვიარო უმიზეზოდ, უმისამართოდ , დაუსრულებლად და მჯეროდეს, რომ ერთ დღესაც ვერ გავიხსენებ, სად მივყავარ გზას და ეს იქნება მთელი სიმსუბუქე. 

კიდევ მინდა , მივიდე მასთან , ვისთანაც წამწამების ხიდი მაკავშირებს და ვკითხო , როდის გამითენდება მშვიდი დილა. მან პასუხი არ იცის, თუმცა მისი პასუხი თვალებში კოცნაა და განა არსებობს რამე თვალებში კოცნაზე მეტად საღიმილო?! 

მინდა , ვერ ვასწრებდე ცხოვრებაში ადამიანების მოშვება-გაშვებებს, რადგან არაფერია იმაზე მტკივნეული , როცა გტოვებენ და შემდეგ უმოლოდინო თვალებით გეჩეხებიან. 

და ველი , რომ ერთხელ , როცა ,,გამთენიამშვიდობისა” მექნება სათქმელი , არ ვიჯდები ოთახში ასე (დაცარიელებული) მხოლოდ საკუთარ ფორიაქთან და ყელში გაჩხერილ ემოციებთან ერთად. 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s